ვახტანგ ჭარაია - ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არის მართებული, ალბათ შეიძლება რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო მეტად შერბილება, ეკონომიკას წახალისება სჭირდება
ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არის მართებული და ალბათ შეიძლება რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო მეტად შერბილება, გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკას სჭირდება წახალისება, სტიმულირება, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
ჭარაიას თქმით, სესხები კიდევ უფრო უნდა გაიაფდეს.
„ჩვენ ვართ დაბალი ინფლაციის ზონაში, სადაც არათუ გასართულებელი და გასაძვირებელია სესხები, არამედ გასაიაფებელია მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად, მეტი ბიზნესაქტიურობისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი მაინც საკმაოდ შეზღუდული ინსტრუმენტია ეკონომიკაზე ზეგავლენის, განსხვავებით, მაგალითად, აშშ-ისგან ან თუნდაც ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან, სადაც შესაბამისი ვალუტებია. ჩვენს შემთხვევაში ლარით რეფინანსირებაზეა საუბარი, როდესაც ეკონომიკა საკმაოდ მაღალდოლარიზებულია. შესაბამისად, ერთი ერთში გავლენას რეფინანსირების განაკვეთის როგორც გამკაცრება, ასევე შერბილება ვერ ახდენს, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავისი პოზიტიური თუ ნეგატიური სიგნალები აქვს ბაზრისთვის. ამ შემთხვევაში, ვთვლი, სიგნალი, რომ სესხი უნდა გაიაფდეს და ბიზნესაქტიურობა წახალისდეს, არის სწორი არჩევანი. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესსაც და მოქალაქეებსაც გაუჩნდებათ სურვილი, მეტი სესხი აიღონ, რადგან უფრო ხელმისაწვდომი იქნება. საუბარია როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სესხებზე“, – განაცხადა ჭარაიამ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75 პროცენტით, 8.25 პროცენტამდე შეამცირა.