ვახტანგ ბუცხრიკიძე - იპოთეკური სესხების სუბსიდირების ინიციატივა სესხებზე მოთხოვნას გაზრდის და დეველოპერულ პროექტებს გააჯანსაღებს
„თიბისი ბანკის“ მაგალითზე აპრილთან შედარებით, მაისი საკმაოდ აქტიური იყო, გაიხა 90 მლნ ლარზე მეტის იპოთეკური სესხი, ვფიქრობთ, ივნისი-ივლისი გაცილებით აქტიური იქნება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.
„თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირების ინიციატივა ასეთ სესხებზე მოთხოვნას გაზრდის.
„ვფიქრობ, აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო მეტ მოთხოვნას გააჩენს იპოთეკურ სესხებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს იქნება მხოლოდ ლარში აღებულ იპოთეკურ სესხზე, რაც კიდევ ერთხელ, ირიბად, საშუალო ვადაში ქვეყანაში ლარიზაციას შეუწყობს ხელს. მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი არის ლარში და სისტემურად რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, იპოთეკური სესხების გაზრდა მოხდება, მეორე მხრივ კი, დეველოპერული პროექტების გაჯანსაღება. 2020 წელს ეკონომიკის გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ეკონომიკა შემცირდება 4-5 პროცენტის ფარგლებში. ალბათ, ამ შემთხვევაში ჭარბვალიანობაზე არ გვექნება საუბარი იმდენად, რამდენადაც ახლა ყველა ბერკეტი უნდა იყოს ჩართული, რათა ეკონომიკა რაც შეიძლება მალე გამოვიდეს არსებული გამოწვევებიდან. სამწუხაროდ, ვერ შევძლებთ ისეთ ზრდას, როგორიც იყო ერთი ან ორი წლის წინ, უბრალოდ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს იმას, რომ ისეთი კლება არ იყოს 2020 წელს, რაც შეიძლება, გვქონდეს ამ ინიციატივის არ გამოყენების შემთხვევაში“, – აღნიშნა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს.