ვაკე-საბურთალოს პოლიციის #6 განყოფილების ყოფილი უფროსის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
სააპელაციო სასამართლომ დღეს შესაძლოა, ვაკე-საბურთალოს პოლიციის #6 განყოფილების ყოფილი უფროსის, ლაშა კვირკვაიას მიმართ განაჩენი გამოაცხადოს.
სხდომა, რომელზეც პოლიციელის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალს განიხილავენ, სააპელაციო სასამართლოში 16:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ პირველ არხს აცნობა, განხილვა დასკვნით ეტაპზეა და დღეს დაცვის მხარე რეპლიკის უფლებით ისარგებლებს, რის შემდეგაც საბოლოო სიტყვის თქმის უფლებას ბრალდებულს მისცემენ.
ამის შემდეგ კი მოსამართლე განაჩენის მისაღებად სათათბიროდ გავა ან განაჩენს ადგილზე გამოაცხადებს. რაც შეეხება ბრალს, ლაშა კვირკვაიას პროკურატურა ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რაც ადვოკატ გიორგი მდინარაძის პოლიციის განყოფილებაში ცემას გულისხმობს. ამ საქმეზე კვირკვაიას პირველი ინსტანციის სასამართლომ სსსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში ძალადობის ნაწილი მოუხსნა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 10 000-ლარიანი გირაოთი დააჯარიმა.
სააპელაციო სასამართლოში პროკურატურა სასჯელის დამძიმებას ითხოვს. თავის მხრივ, გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებლით შეცვლას მოითხოვს ბრალდებული ყოფილი პოლიციელი.