ვაჟა სირაძის განცხადებით, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას დაშავებულებს შორის არიან გამვლელი, მუშა და კლუბ „დეჟავუს“ თანამშრომელი
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას დაშავებულებს შორის არიან გამვლელი, მუშა და კლუბ „დეჟავუს“ თანამშრომელი.
მისივე თქმით, პირველადი ინფორმაციით, აფეთქება კონდიციონერის დამონტაჟებისას მოხდა.
„პირველადი ინფორმაციით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აფეთქება გამოიწვია კონდიციონერის დამონტაჟებისას ჟანგბადის ბალონმა. დაშავებულებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგახსენებთ. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულია მუშა, ერთი გამვლელი და „დეჟავუს“ ერთი თანამშრომელი. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, არის მუშა“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბ „დეჟავუსთან“ აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება ჟანგბადის ბალონმა გამოიწვია. დაშავებულები ხეჩინაშვილის, ალადაშვილისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი