ვაჟა სირაძე - ადგილებში, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და მოხდა სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება, პოლიციამ მიიღო კანონით გათვალისწინებული ზომები
ვაჟა სირაძე - ადგილებში, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და მოხდა სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება, პოლიციამ მიიღო კანონით გათვალისწინებული ზომები

ადგილებში, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და იქ, სადაც მოახდინეს სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელების ბლოკირება, პოლიციამ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები, – ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონით, აკრძალულია სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირება.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, თბილისში სხვადასხვა ადგილებზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რაც გულისხმობდა მათი განცხადებით, სახელმწიფო დაწესებულებების შენობების პიკეტირებას. იმ ადგილებში, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და იქ, სადაც მოახდინეს სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელების ბლოკირება, პოლიციამ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. როგორც მოგეხსენებათ, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონით, აკრძალულია სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირება, შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, რომ ეს არის კანონის დარღვევა, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან არსებულ ვითარებაზე. მოვუწოდეთ, რომ გადასულიყვნენ და არ გაეგრძელებინათ კანონის დარღვევა. ამ დროისათვის დაკავებულია 46 პირი ადმინისტრაციულად, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის. ასევე, პოლიციისადმი შეურაცხყოფის მიყენებისთვის და წვრილმანი ხულიგნობისათვის. ასევე გზის მეორე მხარეს აგრძელებდნენ დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სუს-თან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციიდან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.