ვაჟა სირაძე - რვავე დაკავებული თავისუფალია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
ვაჟა სირაძე - რვავე დაკავებული თავისუფალია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

რვავე დაკავებული თავისუფალია და ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ ერგნეთთან ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.

სირაძის თქმით, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„ამ პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოსა და სუს-ის სამსახურები, რომლებმაც გადადგეს აქტიური ნაბიჯები და გამოიყენეს ქმედითი ზომები, რათა აღნიშნული პირები დაბრუნებოდნენ მშვიდობიანად საკუთარ ოჯახებს, ასევე მათი გათავისუფლებისთვის გამოყენებული იქნა ცხელი ხაზის მექანიზმი.

ამ ეტაპისთვის მოგახსენებთ, რომ ცხინვალის სასამართლოში სავარაუდოდ მათი ახლობლების მიერ გადახდილი იქნა შესაბამისი ჯარიმები“, – განაცხადა სირაძემ.

კითხვაზე, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებიდან გადაეცა ანდრეი კაბისოვი, სირაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.

„ვერ დაგიდასტურებთ აღნიშნულ ფაქტს.

გათავისუფლებული პირები შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის გადაყვანილი არიან შიდა ქართლის პოლიციაში და ამის შემდეგ დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გაათავისუფლეს.

საქართველოს შვიდი მოქალაქე რუსმა სამხედროებმა 17 აგვისტოს დააკავეს. ისინი სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

ამასთან, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი 18 აგვისტოსაც დააკავეს.