ვაჟა სირაძე - პოლიციურ ძალებს რუსთაველის გამზირზე ძალადობა და სპეციალური საშუალებები არ გამოუყენებია, მათ შორის წყალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ პოლიციურ ძალებს რუსთაველის გამზირზე ძალადობა და სპეციალური საშუალებები არ გამოუყენებია, მათ შორის წყალი.
მისი თქმით, გუშინ დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელიც გადაიზარდა კანონდარღვევაში, ვინაიდან გარკვეული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება.
„მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც აღნიშნული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდა და აღნიშნული პირები ჩამოიყვანა რუსთაველის გამზირზე, ყოველგვარი ძალადობის და ყოველგვარი რაღაც, როგორც აღნიშნეთ, სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის.
გამომდინარე იქიდან, რომ მათი მხრიდან ხდება ბლოკირება შესასვლელების, ასევე პროვოკაციები და გარკვეული ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა, შესაბამისად, პოლიცია მობილიზებულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელებში და უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. ასევე, უზრუნველყოფს დეპუტატების თუ მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას. პირველადი ინფორმაციით, დაკავებული არის 28 პირი ადმინისტრაციულად. ნაწილი დაკავებულებისა გათავისუფლდა ხელწერილის საფუძველზე“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები-მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.
„აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია.
პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვას კანონის მოთხოვნები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 28 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ.