ვაჟა სირაძე - პოლიცია ვითარებას სრულად აკონტროლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ნუ ჩაერევიან სამართალდამცველების საქმიანობაში, დაემორჩილონ მათ მოთხოვნას
პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე 12 პირია დაკავებული.
ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა. ვაჟა სირაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას.
„ამ დროისთვის დაკავებულია 12 პირი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და ასევე პოლიციისადმი შეურაცხყოფის მიყენებას.
ამ დროისთვის ადგილზე არის მშვიდი ვითარება, პოლიცია აკონტროლებს სრულად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მხარეებს, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი. სიტყვისა და გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ არ უნდა გასცდნენ კანონის მოთხოვნებს. პოლიცია მუშაობს გეგმის შესაბამისად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ნუ ჩაერევიან პოლიციის საქმიანობაში, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. პოლიცია დაიცავს კანონს და სრულად შეასრულებს თავის მოვალეობას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.