ვაჟა სირაძე - არც ჩემი და არც სხვა პირის დასანქცირების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს აშშ-თან, ამაზე დღევანდელი დღეც მეტყველებს
ვაჟა სირაძე - არც ჩემი და არც სხვა პირის დასანქცირების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს აშშ-თან, ამაზე დღევანდელი დღეც მეტყველებს

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, დასანქცირების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია და სამწუხაროა, როდესაც გარკვეული ტელევიზიების მხრიდან გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება.

„დასანქცირების თაობაზე არც ჩემი და არც სხვა პირის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია. არც გაგვიგია ამის შესახებ. ჩვენ, პრაქტიკულად, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ამაზე დღევანდელი დღეც მეტყველებს. სამწუხაროა, როდესაც რაღაც ტელევიზიები გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას დარწმუნებით ავრცელებენ. როგორც ყოველთვის, სავარაუდოდ, მიზანი არის პოლიციელების დისკრედიტაცია“, – განუცხადა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს.

აღნიშნული განცხადება ვაჟა სირაძემ აშშ-ის საელჩოში გააკეთა, სადაც დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.

„მინდა, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც საელჩოს, ისე სრულიად ამერიკელ ხალხს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური, მჭიდრო ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს ურთიერთობა ყოველდღიურად გრძელდება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.