უზენაესმა სასამართლომ განსახილველად მიიღო დონალდ ტრამპის აპელაცია კოლორადოს სასამართლოს წინააღმდეგ, რომელმაც მას პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა
აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრა.
უზენაესმა სასამართლომ განსახილველად მიიღო დონალდ ტრამპის აპელაცია კოლორადოს სასამართლოს წინააღმდეგ, რომელმაც მას პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. უზენაესი სასამართლო საქმეს თებერვალში განიხილავს და მისი გადაწყვეტილება ყველა შტატზე გავრცელდება.
დეკემბერში კოლორადოს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დონალდ ტრამპს რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციის მე-14 შესწორება გამოიყენა, რომელიც უკრძალავს ფედერალური თანამდებობების დაკავებას პირებს, რომლებიც ამბოხში მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ უზენაეს სასამართლოს 27 შტატის გენერალურმა პროკურორებმა მიმართეს თხოვნით, გააუქმოს კოლორადოს სასამართლოს დადგენილება. მიმართვის ავტორების აზრით, ტრამპის არჩევნებიდან გამორიცხვა „ფართომასშტაბურ ქაოსს“ შექმნის.