უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწე - ჩემთვის კარგადაა ცნობილი, რა გადახდა და რა დღეში ჩავარდა ნინო გვენეტაძე ამ სასამართლო სისტემაში
ჩემთვის კარგადაა ცნობილი, ნინო გვენეტაძეს რა გადახდა ამ სასამართლო სისტემაში,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწე კახა წიქარიშვილმა განაცხადა.
„ვიცი, რა გამოცდილება მიიღო მან და საერთოდ, რა დღეში ჩავარდა. მგონი, პარლამენტი შეთანხმდა თავის დროზე, რომ ნინო გვენეტაძე იყო წესიერი ადამიანი. თქვენ უნდა გაითავლისწინოთ, რა ბედში შეიძლება ჩავარდეს წესიერი და პრინციპული ადამიანი, რომელიც შეაღწევს ამ სასამართლო სისტემაში.
ეს ძალიან კარგი მაგალითია და ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, ვინაიდან ვიყავი ნინო გვენეტაძის თანაშემწე.
როდესაც ბატონი ირაკლი კობახიძე ამბობს, 2012 წლამდე იყო მილიონი ცუდი „ქეისი“, მილიონ ცუდ „ქეისს“ და საქმეს ჰყავდა თავის ორგანიზატორი. ორგანიზატორის კისერზე არის ყველა ის დანაშაული, რომელსაც ჩადის მის დაქვემდებარებაში არსებული ჯგუფი და მაინტერესებს, იცით თუ არა, ვინ იყო ორგანიზატორი და შემთხვევით ამ ორგანიზატორს ხომ არ უჭირავს დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძაფები? თუ ეს ასეა, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ამ კანონს. ჩვენ, 11-მა ადამიანმა გამოვაგზავნეთ ალტერნატიული მოსაზრებები და ჩავწერეთ, რომ ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მოისხამს კეთილ ნაყოფს, რაც არ უნდა კანონები დაწეროთ, რაც არ უნდა ალტერნატიული ვერსიები არსებობდეს, ამ საბჭოსგან კეთილი ნაყოფი არ გამოვა“,- განაცხადა წიქარიშვილმა.
მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალია, პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია სასამართლოში არსებული მდგომარეობის თაობაზე.
„თუ „კლანი“ არ გადადგება, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონმდებლობა, რომლითაც აიძულებს ამ „კლანს“ სასამართლოდან წასვლას. ეს არის რეალობა, რომელსაც თქვენ ალბათ, გულის სიღრმეში აღიარებთ, მაგრამ ოფიციალურად რამდენად დამეთანხმებით, არ ვიცი“,- მიმართა წიქარიშვილმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს.