უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტის მრჩევლები საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრებს ხვდებიან
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტის მრჩევლები საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრებს ხვდებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ რიგით მეხუთე შეხვედრის მიზანია იმ კრიტერიუმების შემუშავება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დაასახელებს. ცნობილია, რომ აუდიენციაზე კონკრეტული სახელი და გვარი არ დასახელდება.
პროცესის მიმდინარეობაზე საუბრობს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე. მისი თქმით, რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იქნება ის კრიტერიუმები, რომელიც ადმინისტრაციამ პრეზიდენტის კონსულტაციების შედეგად ჩამოაყალიბა.
„დღეს ვხვდებით ეროვნულ პლატფორმას. დარჩა კიდევ რამდენიმე ჯგუფი, რომელთანაც შეხვედრას მნიშვნელოვნად მივიჩნევთ და უახლოეს მომავალში გადავალთ შემდგომ ეტაპზე, რასაც ჰქვია უკვე კანდიდატურების განხილვის ეტაპი. რამდენ დღეში იქნება, ზუსტად ვერ გეტყვით. ჩვენ ასე მოვნიშნეთ, რომ კვირის ბოლოს იქნებოდა შემაჯამებელი კონსულტაცია, თუმცა კიდევ გამოითქვა გარკვეული ჯგუფების მხრიდან კონსულტაციების სურვილი და კვირის ბოლოს თუ არა, კვირის დასაწყისში ეს კრიტერიუმები ცნობილი იქნება“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
დღესვე, ფიქრია ჩიხრაძემ უმრავლესობის მხრიდან პროცესის ბოიკოტიც შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ უმრავლესობა აზრს შეიცვლის და კონსულტაციებში მონაწილეობას შემდეგ ეტაპზე მაინც მიიღებს.
ჩვენი სურვილი იყო, რომ ამ ეტაპზევე ჩართულიყვნენ, მაგრამ შემდგომ ეტაპზე მაინც, როდესაც კანდიდატურა იქნება შერჩეული, იმედი გვაქვს, ისინი ამ პროცესს შესაბამისი მზაობით დახვდებიან. იმედი მაქვს, ყველა ვაცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა“, – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი და ახალი რედაქციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის სხვადასხვა პროცედურებს ითვალისწინებს.
დღეს მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს.
კონსტიტუციის იმ რედაქციის გათვალისწინებით კი, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ასევე პარლამენტი ირჩევს, თუმცა უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.
ამასთან, ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, ფართო კონსულტაციები გამოაცხადა. კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი პრეზიდენტის მრჩევლების მონაწილეობით უკვე შედგა.