უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნუნუ კვანტალიანი - სასამართლოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საზოგადოების ნდობის საკითხია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნუნუ კვანტალიანი - სასამართლოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საზოგადოების ნდობის საკითხია

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც სასამართლოს აქვს არის საზოგადოების ნდობა, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ნუნუ კვანტალიანმა, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

გზირიშვილი დაინტერესდა, როგორ აფასებს კანდიდატი, სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოსამართლე.

„ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც სასამართლოს აქვს არის საზოგადოების ნდობა. საზოგადოების ნდობის პრობლემა სულ არსებობდა. განსაკუთრებულად მახსენდება ერთი ფაქტი, დაახლოებით 20 წელი გავიდა, როცა ჩემმა რვა წლის ძმისშვილმა მკითხა, შენ რომელ სასამართლოში მუშაობ, რომ არ არსებობს იმ სასამართლოშიო? ამ კითხვას მოქალაქე კი არ გისვამს, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს აზროვნება, არამედ გისვამს რვა წლის ბავშვი, რომელსაც მუდმივად ესმის, რომ სასმართლო არ არსებობს. ამ დროს მოსამართლეს აქვს ვალდებულება, გამოიტანო გადაწყვეტილებები და დაარწმუნო მხარეები, რომ მართლმსაჯულება აღსრულდა“, – განაცხადა ნუნუ კვანტალიანმა.

კანდიდატმა წარსულ საქმიანობაზე საუბრისას გაიხსენა, რომ მისთვის ქრთამიც შეუთავაზებიათ.

„წლების წინ, ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი კომფორტი იქნებოდა, რომ მე შემძლებოდა პროცესი ჩამეტარებინა დარბაზში, სადაც იქნებოდა მანდატური, სასამართლოში მემუშავა სადაც იქნებოდა მუდმივად ელექტრო ენერგია და სხვა პირობები, რომლიც მე მჭირდებოდა. კაბინეტში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ შემოსულა ადამიანი და შემოუთავაზებია ქრთამი, ღიად ვიტყვი და ეს იმაზე მეტად ღირებული ყოფილა, ვიდრე ის ჩემი „გაყინული“ 389 ლარიანი ხელფასი. მე არ ვიქნები ობიექტური, რომ ეს არ ვთქვა“, – განაცხადა ნუნუ კვანტალიანმა.

საბჭოს არამოსმართლე წევრი დაინტერესდა, დღესაც თუ ჩანს სასამართლო სისტემაში რაიმე ტიპის ზეგავლენის მცდელობები სახელმწიფოს მხრიდან. კანდიდატის შეფასებით, შეიძლება მინისტრების გარკვეული განცხადებები მართლაც აღიქმებოდეს როგორც გავლენის მცდელობა, თუმცა მან კონკრეტული შემთხვევები ვერ გაიხსენა.