უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - მიტინგისას ერთ-ერთი მონაწილის მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ, სახელმწიფოს ჩარევის საფუძველია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - მიტინგისას ერთ-ერთი მონაწილის მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ, სახელმწიფოს ჩარევის საფუძველია

იმ შემთხვევაში, თუ მიტინგის დროს, აქციის ერთ-ერთი მონაწილე მოუწოდებს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ, რა თქმა უნდა, ეს არის საფუძველი, სახელმწიფო ჩაერიოს და მიტინგი დაშალოს, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მერაბ ლომიძემ, გასაუბრების დროს, საბჭოს არამოსამართლე წევრ ლევან გზირიშვილის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ლევან გზირიშვილი დაინტერესდა, მიტინგზე მოქალაქის მიერ სახელმწიფოს დამხობის მოწოდების შემთხვევაში, რამდენად პროპორციული იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და აქციის დაშლა, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას აქციის მონაწილეები არ ეთანხმებიან.

„რა საფრთხეებს უნდა იწვევდეს მოწოდება, რომ სახელმწიფო ჩაერიოს და შეწყვიტოს მიტინგი? რიგითმა მოქალაქემ, რომელიც ამოვარდნილია კონტექსტიდან და შესაძლოა ბავშვთა თემატიკაზე მიდის აქციაზე, ამ დროს გამოდის სხვა მოქალაქე და ამბობს, დავამხოთ ქვეყანაო, რომელსაც ფაქტობრივად არავინ არ დაუჭირა მხარი. ამის გამო სახელმწიფო ჩაერია და შეწყვიტა მიტინგი. რამდენად პროპორციული იქნება სახელმწიფოს ჩარევა ?“ – კითხვით მიმართა ლევან გზირიშვილმა კანდიდატს.

კანდიდატმა, პასუხის გაცემისას, საქართველოს საკონსტიტუციო და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებები მოიყვანა მაგალითად და მიტინგის დაშლის საფუძვლებზე გაამახვილა ყურადღება.

„მიტინგის დაშლის უფლებამოსილება არსებობს მაშინ, როდესაც ის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღებს. სახელმწიფო გადატრიალებისთვის მოწოდება დაუშვებელია. ამას არ იცავს კანონი. ასევე ისეთ მოწოდებას, რომელიც მაგალითად ეთნიკურ, რელიგიურ ან კუთხურ შუღლს აღვივებს, არ იცავს კანონი“, – განმარტა მერაბ ლომიძემ.