არასამთავრობო ორგანიზაციებმა უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს
არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (GYLA) დღეს ანგარიშის – „საქართველოს უზენაესი სასამართლო – ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი“ პრეზენტაცია გამართეს.
კვლევა აანალიზებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: უზენაესი სასამართლოს როლი და ადგილი სასამართლო სისტემაში, მისი დაკომპლექტება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, თავმჯდომარის, მოსამართლეთა პასუხისმგებლობა, უზენაესი სასამართლოს პლენუმის კომპეტენცია, პალატების მუშაობა და საქმეთა განაწილება. გარდა ამისა, ანგარიშში შეფასებულია 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და განხილულია პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილი პრობლემური საკითხები.
ანგარიშის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ ითვალისწინებს სათანადო გარანტიებს, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა დანიშვნას დამსახურების პრინციპის საფუძველზე; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას სამ ეტაპიანი ფარული კენჭისყრა ეწინააღმდეგება ამ მხრივ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან გამორიცხავს გადაწყვეტილების დასაბუთების (კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსთან შესაბამისობის თაობაზე) შესაძლებლობას.
ასევე აღნიშნულია, რომ პირველი ფარული კენჭისყრა გამორიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ამ ეტაპზე, საბჭოს წევრებისთვის ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსამართლეობის კანდიდატი ფორმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მითითებულია კანდიდატის განაცხადში.
ამასთან, კვლევის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები, კერძოდ, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, საბჭოს წევრების მონაწილეობა შერჩევის პროცედურებში, ასევე პირველი ფარული კენჭისყრისას ხმების ერთნაირი სქემით გადანაწილება, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკანონმდებლო ჩარჩოს ხარვეზებს და საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გააჩინა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ პარლამენტის რეგლამენტი არ იძლევა ცხად წარმოდგენას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფუნქციურ დანიშნულებაზე, არ ითვალისწინებს გარე ექსპერტების სავალდებულო ჩართულობას, არ ადგენს ექსპერტებისა და პარლამენტის წევრების, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის კვოტას.
კვლევის ავტორების შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის წესი ხარვეზიანია, ვინაიდან, პირველ ეტაპზე ხმათა 2/3-ის მიუღწევლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შესაბამისად, მეორე კენჭისყრისას არამოსამართლე წევრებს არ აქვთ არავითარი გავლენა შერჩევის პროცესზე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კი, მინიჭებული აქვს ცალკეული ფართო უფლებამოსილებები, ასევე იკვეთება ფუნქციების დუბლირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან.
„კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოს პლენუმს ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს, გარდა ამისა, იკვეთება კომპეტენციების დუბლირება პლენუმსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის. დამკვიდრებული პრაქტიკით, უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, მოსამართლეს დროებით ეკისრება სხვა პალატის შემადგენლობაში უფლებამოსილების განხორციელება. შედეგად, ეს მოსამართლეები უფლებამოსილი არიან განიხილონ სამივე პალატის ქვემდებარე საქმეები. უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებები შაბლონურია“, – აღნიშნულია ანგარიშში და ასევე მითითებულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საქმე ეწერება სხდომის თავმჯდომარეს, მომხსენებელ მოსამართლეს. წესი დამატებით არ ითვალისწინებს კოლეგიის სხვა ორი წევრის შერჩევის პროცედურას, რაც აჩენს კოლეგიური შემადგენლობის თვითნებურად დაკომპლექტების რისკს.
ანგარიში ასევე მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდგომი რეფორმის მხარდასაჭერად.
კვლევა „საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეფორმის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში მომზადდა.