უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების საქმის განხილვა იწყება
დღეიდან უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების, გ.ბ.-ს და გ.ჯ.-ს საქმის განხილვა იწყება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. გ.ბ.-ს ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის თქმით, ის დადუნაშვილის ეპიზოდში არა სასჯელის გაუქმებას, არამედ სასჯელის შეცვლას მოითხოვს.
„ჩვენ ვასაჩივრებთ დადუნაშვილის ეპიზოდს, ხოლო ბრალდების მხარე ასაჩივრებს დავით სარალიძის ეპიზოდს. უამრავი არგუმენტი მაქვს ჩემს საკასაციო საჩივარში, იმავე დანისა და ჭრილობის პარამეტრებთან დაკავშირებით, ეს არგუმენტები ასევე შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს, შეეხება ფარულ აუდიოჩანაწერს და ძალიან ბევრი ფაქტი, არგუმენტი და მტკიცებულებათა ერთობლიობა მაქვს იმისათვის, რომ ვამტკიცო ჩემი პოზიციის სიმართლე“, – განაცხადა ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.
როგორც ადვოკატი ამბობს, იგი არ უარყოფს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დადუნაშვილისთვის წელის არეში კონკრეტული ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა არა სასიკვდილო. მისივე თქმით, გ.ბ.-ს შემთხვევის დროს დანის პირზე ჰქონდა ხელი მოკიდებული, რათა მის მიერ მოქნეული ცივი იარაღი ღრმად არავის მოხვედროდა. მისი თქმით, აღნიშნული ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დამტკიცებულია.
„ამის გარდა, არსებობს კონკრეტული მოწმის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მან დაინახა დანა, რომელიც ვერცხლისფრად პრიალებდა, ხოლო საქმეში არის ნივთმტკიცება გ.ბ.-სგან ამოღებული დანა, რომელიც არის შავი ფერის“, – განაცხადა ადვოკატმა.
რამაზ ჩინჩალაძის თქმით, ჩატარებულია კონკრეტული საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის შედეგების ასახვაც ექსპერტიზის დასკვნაში არ მომხდარა. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ დასკვნის შედეგები და ლევან დადუნაშვილის სხეულსა და ტანსაცმელზე მიყენებული ჭრილობები განსხვავებული იყო.
„გარდა ამისა, სხვა ექსპერტიზის დასკვნები არსებობს, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის მყარ საფუძველს, რომ გაგვესაჩივრებინა სწორედ ისე უზენაეს სასამართლოში აღნიშნული განაჩენი, რა ფორმულირებითა და მოცულობითაც გვაქვს განაჩენი“, – განაცხადა ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ კი, გ. ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და სამი თვის ვადით შეეფარდა. რაც შეეხება გ.ბ-ს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ., რომელსაც სასჯელი დაუმძიმდა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და სამი თვის ვადით შეეფარდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ, ასევე ბრალდების მხარემ.
სხდომა უზენაეს სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.