უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას პროცესი დაიხურა
უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას პროცესი დაიხურა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას პროცესზე საქართველოს პირველ არხს ვიდეოგადაღების უფლება მისცეს, თუმცა ადვოკატებმა სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენეს და პროცესი ისევ დაიხურა.

დღევანდელ სხდომაზე გიორგი ჯანაშიასთან, რომელსაც 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა აქვს მისჯილი, სავარაუდოდ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. როგორც ცნობილია, ჯანაშიამ წარდგენილი ბრალი აღიარა, გამოძიებასთან ითანამშრომლა და პროკურორის ინფორმაციით, მასთან საპროცესო შეთანხმება იქნა მიღწეული. შეთანხმების გაფორმებაზე შუამდგომლობას პროკურორი დღეს დააყენებს. ჯერ უცნობია, საპროცესო შეთანხმების პირობები.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და სამი თვის ვადით შეეფარდა.

რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გუგა ბარბაქაძე. მას სასჯელი დაუმძიმდა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და სამი თვის ვადით შეეფარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ, ასევე ბრალდების მხარემ.