უზენაეს სასამართლოში აცხადებენ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივრები შესაბამის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა
უზენაეს სასამართლოში აცხადებენ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივრები შესაბამის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა

უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორების, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძისა და მისი ადვოკატების საჩივრები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენით: გიორგი მამალაძის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 18,108-ე მუხლზე (განზრახ მკვლელობის მომზადება). გიორგი მამალაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 აგვისტოს განჩინებით კი, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორებისა და მსჯავრდებულ გიორგი მამალაძისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრები განსახილველად დაშვებული არ იქნა.

სასამართლოს ინფორმაციით, საჩივრები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს. „საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი კანონიერია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებული პირის ბრალეულობა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებს.