უზბეკური მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთში მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტებსა და პოპულარულ ბლოგერებს მასპინძლობს.
პრესტურის ცხრა მონაწილე თბილისს ეწვია, მედიის წარმომადგენლებმა დედაქალაქის ტურისტულად საინტერესო ადგილები დაათვალიერეს.
ბლოგერები და ჟურნალისტები ესტუმრებიან თელავს, წინანდალს, ყვარელს, უფლისციხეს, ქვიშხეთს, ვარძიას, ბორჯომს, ახალციხეს. ტურის განმავლობაში უზბეკური მედიის წარმომადგენლები ქვემო ქართლის ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ, ეწვევიან დაშბაშის კანიონს.
უზბეკი ბლოგერები და ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ, რომლებსაც სოციალურ ქსელებსა და მაღალრეიტინგულ გამოცემებში გაავრცელებენ. პრესტურის მიზანია უზბეკეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.
ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.