უზბეკეთში ავღანეთის საერთაშორისო კონფერენცია იწყება
უზბეკეთში ავღანეთის საერთაშორისო კონფერენცია იწყება

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ავღანეთის საერთაშორისო კონფერენცია იწყება. ღონისძიებაში 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის, აშშ-ის ევროკავშირის, რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და პაკისტანის.

კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა იქნება ავღანეთის სამშვიდობო პროცესი, ტერორიზმისა და ნარკოტიკით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე რეგიონული თანამშრომლობა.

კონფერენციაზე აშშ-ის სახელით სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას შენონი მიიღებს მონაწილეობას. ის ავღანეთის კონფერენციას დღეს დაესწრება, მოგვიანებით კი უზბეკეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, ტაშკენტის კონფერენცია ქაბულის კონფერენციაზე მიღწეულ პროგრესს დაეყრდნობა. 28 თებერვალს ქაბულში გამართულ შეხვედრაზე ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი თალიბებთან წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდა.