უზბეკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ღამის განმავლობაში კომენდანტის საათი გამოცხადდა
უზბეკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ ტაშკენტში, ღამის განმავლობაში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
უზბეკეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მკაცრი კარანტინი აპრილიდან მაისამდე იყო გამოცხადებული, თუმცა შემდეგ ზომები შემსუბუქდა.
უზბეკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის რეგიონები დაყოფილია მწვანე, ყვითელ და წითელ ზონებად, რაც ასახავს რამდენად რთული ან მარტივი მდგომარეობაა რეგიონებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების კუთხით. დედაქალაქი, ტაშკენტი ამ ეტაპზე ყვითელ ზონად ითვლება.
უზბეკეთში 34 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 8 298 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 24 ადამიანი.