მთავრობის მიერ „კოვიდ-19“-ის მართვის პროცესში დადგენილი შეზღუდვების ორთვიანი გეგმის ფარგლებში მოქმედი ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ბოლო 24-საათში დაფიქსირებული ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები იყო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის მთავარი განსახილველი საკითხები, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირებების რაოდენობამ ყველაზე მაღალ ნიშნულს – 17 ათასს გადააჭარბა, კვირის ბოლოდან კი, ყოველდღიურად, დაახლოებით, 20 ათასამდე ტესტის ჩატარება იგეგმება, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. მათ შორის, განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება.
მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სინდრომი – ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა შეუძლიათ, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, როგორც ექიმის მიმართვით, ისე მიმართვის გარეშე და გაიკეთონ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი, რომელიც 20 წუთში პასუხის მიღების საშუალებას იძლევა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ოჯახის ექიმებთან, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოძიება ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო პორტალის მეშვეობითაა შესაძლებელი, ან უნდა დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს – 1505.
ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, რომლებიც Covid 19-ის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან, კერძოდ, განისაზღვრა დაახლოებით 223 დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში ამბოლატორიულ ტესტირებას ჩაატარებს. მისივე განცხადებით, ყველა ჰოსპიტალიზირებული ადამიანი იქნება გამოკვლეული ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით, მიუხედავად სიმპტომებისა.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ ბოლო 24 საათში, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ინტენსიური ტესტირების პროგრამა, რომელიც გუშინ დაიწყო, ხელს შეუწყობს ინფიცირებულების სწრაფ დიაგნოსტიკასა და ინფორმირებას, რაც თავის მხრივ, შეანელებს ვირუსის გავრცელებას და სიტუაციას შეძლებისდაგვარად დაასტაბილურებს.
სხდომაზე აგრეთვე აღინიშნა, რომ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, შესაბამისი უწყებების მონაწილეობით. ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას. გარდა COVAX პლატფორმისა, მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და მწარმოებლებთან საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მონაწილეობით მიმდინარეობს.
სხდომაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით იდგმება. ითქვა, რომ კვლავ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვაზე.
ორთვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს, კერძოდ:
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1041 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 111 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 930 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
ამასთან, 28 ნოემბერი – 3 დეკემბრის პერიოდში, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, სულ შემოწმდა 22 532 ობიექტი, მათ შორის, წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 16 733 ობიექტს, საქმიანობა შეუჩერდა 5792 ობიექტს, ხოლო დაჯარიმდა შვიდი.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 152 704 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 126 904 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1425 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1241 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 3899 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6671 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.