უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, იმოქმედონ დადგენილი რეგულაციებით, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც ინფიცირების შემთხვევების პრევენციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვირუსის გავრცელების დინამიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა პანიკის საფუძველს არ ქმნის, ვინაიდან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მართვადია.
კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს; შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა მოქალაქემ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. ცალკეულ შემთხვევაში გამოყენებული იქნება მიზნობრივი, ლოკალური შეზღუდვები კონკრეტულად იმ რეგიონებში, სადაც მსგავსი საჭიროება დადგება და ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია წინასწარ მიეწოდება.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება პირბადის გამოყენების მნიშვნელობაზე, რომელიც მათი შეფასებით, მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება.
„ჩვენ დღეს ისეთ სიტუაციაში ვიმყოფებით და იმდენი რამ გვაქვს ნასწავლი, რომ ჯარიმებისა და მკაცრი მიდგომების გარეშეც, პირბადეს უნდა ვატარებდეთ და დისტანციას ვიცავდეთ. ინფიცირების რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად დაიცავს წესებს თითოეული ჩვენგანი. როდესაც ვსაუბრობთ, როგორც პირბადის ტარების, ისე დისტანციის დაცვისა და არასაჭირო შეკრებებში მონაწილეობისგან თავშეკავების აუცილებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანის მიერ გამოჩენილი წინდაუხედაობა პირდაპირ კავშირშია ინფიცირების რაოდენობასთან“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 913 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 574 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 23 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5 255 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.