უსიმპტომო პაციენტები, რომელთა კორონავირუსით ინფიცირებიდან 12 დღე გავიდა, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან
პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა მეთორმეტე დღე და სიმპტომები არ აღენიშნება, ჩაითვლება, როგორც გამოჯანმრთელებული და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიიღო ახალი რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი.
„მსოფლიოში ამასთან დაკავშირებით უკვე შეცვლილია რეკომენდაციები. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან რვა დღეში ადამიანი პრაქტიკულად, გადამდები აღარ არის, ტესტი შეიძლება დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი, მინიმალურია ან პრაქტიკულად, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სქემა, რომელსაც დღეს განვიხილავთ და რაც იქნება ასახული ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში შეეხება უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას. მეთორმეტე დღეს, პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა მეთორმეტე დღე და სიმპტომები არ აღენიშნება, ჩაითვლება, როგორც გამოჯანმრთელებული და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას, ტესტირების, პოლიმელაზურ-ჯაჭვური ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე“, – აღნიშნა გაბუნიამ.
რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, თამარ გაბუნიას თქმით, პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოებში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე, რაშიც იგულისხმება, ათი დღე სიმპტომების და სამი დღე უსიმპტომო პერიოდი.
„ამასთან, შესაძლოა, საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ კლინიკურად რამდენად მზად არის პაციენტი, ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, თუმცა ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით, ასეთი პაციენტებიც მე-14ე, მე-15 დღიდან, თუ სამი დღე არის სიმპტომებისგან თავისუფალი, ითვლება, რომ აღარ წარმოადგენენ რისკს“, – განაცხადა გაბუნიამ.