საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, მსოფლიოს პრიზიორი უშანგი მარგიანი (90) ტოკიოში გამართულ ძიგარო კანოს მემორიალურ ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა პანამერიკული ღია პირველობის გამარჯვებული ბრაზილიელი ედუარდო ბეტონი წმინდად დაამარცხა.
დღესვე ტოკიურ ტატამზე საქართველოს სახელით კიდევ ერთმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა და მსოფლიოს პრიზიორმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100) იასპარეზა. ნაკრების კაპიტანმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო. მან პირველ შეხვედრაში რუსი ხაიბულა მაგომედოვი დაამარცხა, თუმცა მერვედფინალურ ეტაპზე იაპონელ კენტარო იიდასთან დამატებით დროში დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა.
არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა, უნგრეთის გუნდთან ერთად, მედლების საერთო რაოდენობით და ხარისხით, 60 ქვეყანას შორის, ერთი ბრინჯაოს მედლით, მეცხრე ადგილი დაიკავა.