ზურაბ ჩეკურაშვილი - ჩვენ ერთობლივად დავამარცხებთ აზიურ ფაროსანას და ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს
მინდა, დავარწმუნო სრულიად საზოგადოება, რომ სახელმწიფო თითოეულ მოქალაქესთან ერთად შესაბამის პასუხს გასცემს იმ გამოწვევას, რომელსაც აზიური ფაროსანა ჰქვია, ჩვენ ერთობლივად დავამარცხებთ ამ მწერს და ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, – ეს კომენტარი ჟურნალისტებთან სურსათის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.
მან მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებს, USAID/REAP-ს და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, რომლებმაც აშშ-ის უნივერსიტეტებიდან წამყვანი მეცნიერები მოიწვიეს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამუშაოები ამ სპეციალისტების მიერ შეფასებული იქნა, როგორც უმაღლესი ხარისხის. ეს ჩვენ გვიმტკიცებს რწმენას, რომ სწორი გზით მივდივართ და 2018 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისია. რაც შეეხება ძირითად ღონისძიებებს, ეს გახლავთ პირველ რიგში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, საქართველოს მასშტაბით თანამედროვე მონიტორინგის სისტემის არსებობა, ქიმიური ღონისძიებები და კიდევ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი -სამეცნიერო კვლევები, მათ შორის ბიოლოგიურ ანტაგონისტზე“, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა და აღნიშნა, რომ სიღრმისეული კვლევის გარეშე, წინასწარ არაფერი იქნება დაგეგმილი.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხზე ექსპო-ჯორჯიაში USAID-ის ორგანიზებით სამეცნიერო სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ამერიკელ და ქართველ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ინვაზიური მწერის, აზიური ფაროსანას მონიტორინგის და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.
ამერიკელი მეცნიერები ქართველ კოლეგებს გააცნობენ უახლეს მიღწევებს, კვლევის შედეგებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ამასთან, ქართველი მეცნიერები საკუთარ კვლევის შედეგებს წარმოადგენენ. ამ კვლევის შედეგების და გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდება საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გეგმა.