USAID/Georgia თაღლითური სქემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში შეატყობინონ ორგანიზაციას.
როგორც USAID/Georgia-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დროს USAID ლოგოს გამოყენებით გარკვეული პირები საქართველოს მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვას ცდილობენ.
„ბოლო დროს გახშირდა USAID-ის ლოგოს გამოყენებით, თაღლითური გზით, საქართველოს მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვის შემთხვევები. ვგმობთ მსგავს ფაქტებს და სათანადო ორგანოებთან ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის გადაჭრაზე. გთხოვთ დაუყონებლივ შეგვატყობინეთ, თუ USAID-ის სახელით დაგიკავშირდნენ და გთხოვეს თანხის გადარიცხვა. გახსოვდეთ – ეს თაღლითური სქემაა“, – ნათქვამია USAID/Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც და მოქალაქეებს მოუწოდებს არ დათანხმდნენ ამერიკის მთავრობის სახელით ვინმესთვის თანხის გადარიცხვას.
„თუ USAID/Georgia-ს ლოგოს გამოყენებით ან ამერიკის მთავრობის სახელით ვინმე თანხის გადარიცხვას გთხოვთ, არ დათანხმდეთ და, გთხოვთ, შეგვატყობინოთ მსგავსი შემთხვევების შესახებ“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.