USA Today სტატიას აქვეყნებს - მსოფლიო გლობალური დათბობის სახიფათო, გარდამტეხ მომენტებს უახლოვდება
მსოფლიო გლობალური დათბობის სახიფათო, გარდამტეხ მომენტებს უახლოვდება, – ამის შესახებ სტატიას USA Today აქვეყნებს.
მედისაშუალება აღნიშნავს, რომ, ჩვეულებრივ, კლიმატის ცვლილებების შედეგები ათწლეულებისა და ასწლეულების განმავლობაში ხდება თვალსაჩინო, თუმცა ამ ზაფხულს, როგორც ჩანს, ისინი ყველგანაა: მუდმივი ტემპერატურული რეკორდები, ოკეანის დამთბარი წყალი, მსოფლიო ლიდერები კი იმდენად არიან შეშფოთებული, რომ ამ მოვლენებს „გლობალური დუღილის ერა“ უწოდეს.
სტატიის თანახმად, მეცნიერები უკვე დიდი ხანია, ღელავენ პლანეტაზე კიდევ უფრო დრამატული და შეუქცევადი ცვლილებების გამო, რომლებიც, შესაძლოა, სწრაფად განვითარდეს. არსებობს ნიშნები, რომ ზოგიერთი ამ სცენარის ალბათობა სულ უფრო დიდია.
„2022 წელს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განიხილებოდა რამდენიმე კლიმატური „გარდამტეხი მომენტი“, რომლის შემდეგაც ცვლილებები მუდმივი ხდება და მათი უკუქცევა რთული ან შეუძლებელია.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ზოგიერთი გლობალური სისტემა, რომელიც მეცნიერთა შეშფოთებას იწვევდა, ავლენს იმის ნიშნებს, რომ ისინი სულ უფრო მყიფე ხდება. კერძოდ, ანტარქტიდის ზღვის ყინული რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა, კანადაში ხანძრები ლანდშაფტს ცვლილს და ჰაერს აბინძურებს, ოკეანის წყლის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა კი მარჯნის რიფებს საფრთხეს უქმნის. ივლისში გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოეანის კრიტიკული დინებები, შესაძლოა, მოსალოდნელზე ადრე დაირღვეს, რამაც შეიძლება ამინდისა და კლიმატის სწრაფი ცვლილება გამოიწვიოს.
თუმცა არის კარგი ამბებიც – ამაზონის ტყის გაჩეხვა ბოლო ექვსი წლის მინიმალურ ნიშნულზეა. მეცნიერები ამბობენ, რომ თუ კაცობრიობა სერიოზულად მიუდგება კლიმატურ საფრთხეებს და სწრაფად გადადგამს ნაბიჯებს ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად, ქვემოთ მოყვანილი სცენარები ნაკლებად სავარაუდო ან, სულ მცირე, ნაკლებად ექსტრმალური გახდება.
მედიასაშუალება მოვლენების განვითარების ხუთ კატასტროფულ სცენარს აქვეყნებს: 1. ყინულის დნობამ, შესაძლოა, ოკეანეები გადატვირთოს; 2. ატლანტის ოკეანის კრიტიკული დინებები შეიძლება გაჩერდეს, რაც შეცვლის კლიმატს აშშ-სა და ევროპაში; 3. ამაზონის ტროპიკული ტყე, შესაძლოა, გაქრეს; 4. ტყის ხანძრებმა, შესაძლოა, შეცვალოს ალასკა და კანადა და ტყეები მდელოებად გადააქციოს; 5. მარჯნის რიფები, შესაძლოა, გლობალური ოკეანის წყლის მაღალმა ტემპერატურამ „მოხარშოს“. თუმცა, ავტორი აღნიშნავს, რომ ეს პროგნოზები არ ნიშნავს, რომ ყველანაირი იმედი დაკარგულია. პირიქით, ეს არის მოქმედებებისკენ მოწოდება“, – ნათქვამია USA Today-ს სტატიაში.