ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოველებს მოუწოდა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმში მიიღონ მონაწილეობა
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში ვიზიტისას მოლდოველებს მოუწოდა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართება.
ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტს სჯერა, რომ მოლდოვის ადგილი ევროკავშირშია.
„მოლდოველ ხალხს წინ დიდი ეტაპი ელის. მოვუწოდებ მათ, გამოიყენონ თავიანთი ხმის უფლება და გააკეთონ თავისუფალი არჩევანი“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან.
თავის მხრივ, მაია სანდუმ ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ქვეყანა ბლოკს 2030 წლისთვის შეუერთდება.
„მოლდოვის პროდუქციის 65%-ზე მეტი ევროკავშირის ბაზარზე მიდის. ეს ნათლად აჩვენებს, სად არის ჩვენი ეკონომიკური ინტერესები“,- განაცხადა მაია სანდუმ.
მოლდოვაში რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდება, სადაც მაია სანდუ მეორე, ოთხწლიანი ვადისთვის იბრძვის.