ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიანიშნა, რომ მზადაა, ითანამშრომლოს ულტრამემარჯვენე პარტიებთან ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიანიშნა, რომ მზადაა, ითანამშრომლოს ულტრამემარჯვენე პარტიებთან ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ. „პოლიტიკოს“ და „სტუდიო ეუროპა მაასტრიხტის“ მიერ ორგანიზებულ მაასტრიხტის დებატებზე გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღია იქნება „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ (ECR) ჯგუფთან შეთანხმებისთვის.
„პოლიტიკო“ წერს, რომ „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ და ფონ დერ ლაიენის „ევროპის სახალხო პარტიას“ შორის კავშირი შეიძლება ნიშნავდეს მნიშვნელოვან ცვლილებას მარჯვნივ ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაში ისეთ თემებზე, როგორებიცაა მიგრაცია, კლიმატი, ქალთა უფლებები და თავდაცვა.
„პოლიტიკოს“ თანახმად, ასეთმა გარიგებამ შეიძლება, დაარღვიოს კოალიცია ფონ დერ ლაიენის ჯგუფსა და სოციალისტებს შორის, რომელიც ტრადიციულად მართავს ევროკავშირის ინსტიტუტებს.
„ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფთან თანამშრომლობა „ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება პარლამენტის შემადგენლობა და ვინ რომელ ჯგუფში იქნება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„პოლიტიკო“ წერს, რომ არჩევნების შედეგები ევროპარლამენტში, სავარაუდოდ, ულტრამემარჯვენეების ადგილებს გაზრდის.
„კომისიის პრეზიდენტის მეორე ვადის უზრუნველსაყოფად ფონ დერ ლაიენს, სავარაუდოდ, დასჭირდება „სოციალისტებისა და დემოკრატების“ ჯგუფის მხარდაჭერა, რომელიც, გამოკითხვის მიხედვით, ივნისის არჩევნებში მეორე პოზიციაზე იქნება“, – წერს „პოლიტიკო“.
სოციალისტების მთავარმა კანდიდატმა, ნიკოლას შმიტმა თქვა, რომ ღირებულებები და უფლებები არ შეიძლება დაიყოს სხვადასხვა პოლიტიკური მოწყობის მიხედვით.
„ან შეგიძლიათ შეუთანხმდეთ ულტრამემარჯვენეებს, რადგან ისინი გჭირდებათ, ან ნათლად ამბობთ, რომ შეთანხმება შეუძლებელია, რადგან ისინი არ სცემენ პატივს ფუნდამენტურ უფლებებს, რისთვისაც ჩვენი კომისია იბრძოდა“, – განაცხადა ნიკოლას შმიტმა.
„ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფი მოიცავს მემარჯვენე, ევროსკეპტიკურ ძალებს, როგორებიცაა „ფრატელი დ’იტალია“ (იტალია), „კანონი და სამართლიანობა“ (პოლონეთი), „ვოქსი“ (ესპანეთი), „ახალი ფლამანდური ალიანსი“ (ბელგია), „სამოქალაქო დემოკრატიული პარტია“ (ჩეხეთი), „შვედეთის დემოკრატები“ (შვედეთი) და „ფინეთის პარტია“ (ფინეთი). ფრანგი ერიკ ზემურის მოძრაობა „რეკონკეტი“ ჯგუფს ამ წლის დასაწყისში შეუერთდა.