ურსულა ფონ დერ ლაიენის „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა დარედაქტირებული ვიდეომასალა, საიდანაც ამოღებულია ის ნაწილი, რომელშიც ლაიენი რუსეთთან ომში უკრაინის დანაკარგებზე საუბრობს
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართვიდან ამოიღეს ის ნაწილი, სადაც ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში 100 ათასი სამხედრო და 20 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის დარედაქტირებული ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.
დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენებისთვის მექანიზმისა და რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობს.
ვიდეომიმართვის დაწყებისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოიტანა სიკვდილი, განადგურება და აღუწერელი ტანჯვა და რომ, სხვადასხვა შეფასებებით, უკრაინაში დაიღუპა 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები და 100 ათასი უკრაინელი სამხედრო. თუმცა, მოგვიანებით ევროკომისიის ვებგვერდზე ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადების ტექსტი დარედაქტირდა. კერძოდ, ტექსტიდან ამოიღეს სამოქალაქო პირებისა და სამხედროების დანაკარგის შესახებ მონაცემები, ურსულა ფონ დერ ლაიენის „ტვიტერის“ ოფიციალურ ანგარიშზე კი ვიდეომიმართვის ახალი ვერსია დაიდო.
უკრაინულმა გამოცემამ, „უკრაინასკაია პრავდამ“ უკრიანის გენშტაბის წარმომადგენელს, ბოგდან სენიკს ფონ დერ ლაიენის მიერ დასახელებულ ციფრებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა. სენიკის განცხადებით, გენშტაბს არ შეუძლია ამ ციფრის დადასტურება. მისი თქმით, უკრაინის არმიის დანაკარგები წარმოადგენს სამსახურებრივ ინფორმაციას და აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება შეზღუდულია.