ურსულა ფონ დერ ლაიენი - ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ თუ გავაერთიანებთ, იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენი კონტინენტისთვის
ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ თუ გავაერთიანებთ, იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენი კონტინენტისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წინაშე ვიდეომიმართვისას განაცხადა.
როგორც ფონ დერ ლაიენმა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატისადმი მიმართვისას აღნიშნა, გაწევრიანების მოლაპარაკებები ჯერ ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, შემდეგ უკრაინასა და მოლდოვასთან დაიწყო, იგივე კეთდება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, საქართველო კი გახდა კანდიდატი ქვეყანა.
„თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც პოლიტიკურ სახელმძღვანელოში დავწერე, რომ მსურდა, ხელახლა გამეაქტიურებინა და დამედასტურებინა გაფართოების პროცესი, მაგრამ ხუთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რას გვიმზადებდა ისტორია. პირველ რიგში, ეს იყო პანდემია, რომლის დროსაც აუცილებელი იყო ჩვენი მეზობლებისთვის გადაუდებელი მხარდაჭერის ჩვენება, შემდეგ მოვიდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ეს იყო წყალგამყოფი მომენტი ევროპისთვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა ომი დააბრუნა ჩვენს კონტინენტზე, არამედ იმიტომ, რომ ომმა ყველა ევროპელს გააცნობიერებინა, რამდენად სასწრაფოა ჩვენი კავშირის სისრულეში მოყვანა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაერთიანებთ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ, იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენი კონტინენტისთვის. ჩვენ ამას ისტორია მოგვიწოდებს. მე ვიცი, რამდენად ინტენსიური იყო ბოლო წლები ყველა თქვენგანისთვის. თქვენ მუშაობდით დღე და ღამე ჩვენი კავშირის დასაახლოებლად ჩვენს მეზობლებთან. თქვენ იზრუნეთ უკრაინელების ყველაზე აუცილებელ საჭიროებებზე. თქვენ გაუმკლავდით რუსეთის ომის შედეგებს მთელ ჩვენს რეგიონში, ჩრდილოეთ აფრიკიდან მთიან ყარაბაღამდე, მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთის ენერგეტიკული პაკეტით. თქვენ მხარი დაუჭირეთ კანდიდატ ქვეყნებს მათ ევროკავშირის მისწრაფებებში. თქვენი მუშაობის შედეგები ყველასთვის თვალსაჩინოა. ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების მოლაპარაკებები ჯერ ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, შემდეგ უკრაინასა და მოლდოვასთან. ჩვენ იმავეს გავაკეთებთ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით. საქართველო გახდა კანდიდატი ქვეყანა. არცერთი არ ჩანდა შესაძლებელი და წარმოდგენაც კი არ შეგვეძლო ხუთი წლის წინ, მაგრამ თქვენ გააკეთეთ ეს თქვენი თავდადებით და პროფესიონალიზმით. თქვენ დაწერეთ ახალი ფურცელი ჩვენი კავშირის ისტორიაში”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.