ურსულა ფონ დერ ლაიენი - როგორც არასდროს, ევროპელები გრძნობენ, რომ ერთ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან, რაც სიამაყით ავსებს ჩემს გულს
ევროპელები, როგორც არასდროს, გრძნობენ, რომ ერთ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან და ეს სიამაყით ავსებს ჩემს გულს, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.
განცხადებაში ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ევროპა უკრაინის მხარესაა.
მისივე თქმით, მილიონობით ევროპელი მობილიზებულია გაჭირვებაში მყოფი მეზობლების დასახმარებლად.
„დღეს ჩვენი კონტინენტი წარსულის ჩრდილის წინაშე დგას, რომელიც გვეგონა, რომ დიდი ხნის წინ გადავლახეთ. ჩვენ გვაქვს სასტიკი ომი და დანგრეული ქალაქები. მილიონობით უდანაშაულო ადამიანმა დატოვა სახლი. ხალხი უიმედოდ იბრძვის საკუთარი მომავლის განსაზღვრისთვის. ევროპა უკრაინის მხარესაა. ამავდროულად, უკრაინაში კრემლის შეჭრა გვახსენებს, რატომ აღვნიშნავთ ევროპის დღეს, დღეს, როდესაც მშვიდობიანი, აყვავებული და ერთიანი ევროპა დაიბადა. 72 წლის შემდეგ ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე.
ჩვენ ვდგავართ ერთად უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვჯანსაღდებით „კოვიდ-19“ კრიზისისგან. ევროპაში ინვესტიციები უზრუნველყოფს მილიონობით სამუშაო ადგილს და ყოველდღე ქმნის ახალ შესაძლებლობებს. ევროპა ბევრს მუშაობს, რათა ჩვენი კონტინენტი წიაღისეული რესურსების იმპორტისგან დამოუკიდებელი გახადოს და დავიცვათ კლიმატი. ევროპამ შეძლო ამ ყველაფრის მიღწევა, რადგან ჩვენ ვიყავით მტკიცე, ერთიანი. ამიტომ დარწმუნებული ვარ და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ევროკავშირი ასევე შეძლებს უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევის დაძლევას. ევროპის მოქალაქეები გვიჩვენებენ გზას. მილიონობით ევროპელი, ჩვენი, ევროკავშირის ყველა კუთხეში და საზოგადოების ყველა სფეროში მობილიზებულია გაჭირვებაში მყოფი მეზობლების დასახმარებლად; გააღეს კარი უკრაინელი ლტოლვილებისთვის; გაუგზავნეს საკვები და ტანსაცმელი, ან აკეთებდნენ შემოწირულობებს. როგორც არასდროს, ევროპელები გრძნობენ, რომ ერთ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან და ეს სიამაყით ავსებს ჩემს გულს“, – ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.