ურსულა ფონ დერ ლაიენი - ხშირად მესმის უკრაინელებისგან იმედი, რომ მათი შვილები ევროკავშირში გაიზრდებიან, ამ ნათელ მომავლამდე შესაძლოა, ჯერ კიდევ რთული გზაა, თუმცა თქვენ გვერდით ვიქნებით
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ხშირად მესმის უკრაინელებისგან იმედი, რომ მათი შვილები ევროკავშირში გაიზრდებიან, ამ ნათელ მომავლამდე შესაძლოა, ჯერ კიდევ რთული გზაა, თუმცა თქვენ გვერდით ვიქნებით

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირის გზაზე დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.

აღნიშნულის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის სამიტის შემდეგ შარლ მიშელთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინა ევროკავშირის გზაზე წინ მიიწევს შთამბეჭდავი ტემპებით. წევრობასთან დაახლოების პროცედურა დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესია და ის, რაც თქვენ უკვე გააკეთეთ, აჩვენებს, რომ თქვენ შეგიძლიათ სწრაფი და ხარისხიანი შედეგების ჩვენება ახლაც კი, ომის პირობებში, როდესაც აგრესორს ებრძვით. ხშირად მესმის უკრაინელებისგან იმის იმედი, რომ მათი შვილები ევროკავშირში გაიზრდებიან. ეს იმედი მათ აძლევს საშინელი ომის გადატანის ძალებს. ძვირფასო ვოლოდიმირ, ამჟამინდელ მომენტსა და ამ ნათელ მომავალს შორის შესაძლოა, ჯერ კიდევ რთული გზაა, თუმცა დარწმუნებული იყავით, ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით ყველა ნაბიჯზე. მოდით, ვაქციოთ უკრაინელების ოცნებები რეალობად, ცხოვრების ევროპულ წესად“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინაში ნგრევისა და სისხლისღვრისთვის. მისი თქმით, სანქციების მეათე პაკეტი, ინდივიდუალურ სანქციებთან ერთად, ათ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ექსპორტის აკრძალვას მოიცავს.

„უახლოეს დღეებში ჩვენ წარვადგენთ სანქციების მეათე პაკეტს. ჩვენ სანქციებს დავუწესებთ პოლიტიკოსებს და სამხედრო ლიდერებს, თუმცა ასევე, ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩვენ ყურადღებით ვუსმინეთ თქვენს გზავნილებს, როდესაც გასულ კვირას კიევში ვიმყოფებოდით. ჩვენ სანქციებს დავუწესებთ პუტინის პროპაგანდისტებს, რადგან მათი ტყუილები წამლავს საზოგადოებრივ სივრცეს რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის ლიდერს მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა.

„თქვენ ხედავთ, რომ დღეს ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი ხედვა, ოჯახის წევრები კი ეხმარებიან ერთმანეთს. ჩვენ გავაგრძელებთ სრულ მხარდაჭერას ახლა, რათა დავეხმაროთ თქვენს ხალხს ამ სასტიკ ომში და მომავალშიც“, – აღნიშნა ევროპელმა პოლიტიკოსმა.