ურსულა ფონ დერ ლაიენი - გვჭირდება სტაბილურობა, პირველი ვადისას ვაჩვენე, რისი მიღწევა შეუძლია ძლიერ ევროპას, შეგვიძლია, შევქმნათ ბასტიონი უკიდურესი მემარცხენეების და მემარჯვენეების წინააღმდეგ
ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპარლამენტში, თანამოაზრეებთან ერთად, ლიბერალური უმრავლესობის ფორმირებას შეეცდება.
ფონ დერ ლაიენის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) არის მემარჯვენე ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის ნაწილი, რომელიც, როგორც ჩანს, შეინარჩუნებს თავის პოზიციას, როგორც უმსხვილესი ბლოკი.
კითხვაზე, „განიხილავს თუ არა უფრო მემარჯვენე პარტიებთან მიახლოებას, მაგალითად, იტალიაში“, ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ თავდაპირველად ყურადღება გამახვილდება უფრო ფართო პოლიტიკურ ჯგუფებზე და არა – ეროვნულებზე.
„ამ ტურბულენტურ დროში ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა. ჩვენ გვჭირდება ანგარიშვალდებულება და უწყვეტობა. ჩემი პირველი ვადის განმავლობაში ვაჩვენე, რისი მიღწევა შეუძლია ძლიერ ევროპას. ჩემი მიზანია, გავაგრძელო ეს გზა მათთან, ვინც არის პროევროპელი, პროუკრაინელი და კანონის უზენაესობის მომხრე. ჩვენ ერთად შევქმნით და შეგვიძლია, შევქმნათ ბასტიონი უკიდურესი მემარცხენეების და მემარჯვენეების წინააღმდეგ. და ეს აუცილებელია, რადგან გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მხოლოდ მოკლედ გამოვყოფ საკითხებს: რუსული აგრესიული ომიდან კლიმატის ცვლილების ან ხელოვნური ინტელექტის შესაძლო შედეგებამდე; წელს არჩევნებია ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში – აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. ამ ყველაფრისთვის და კიდევ ბევრისთვის, ჩვენ გვჭირდება ხილული ევროპა. ჩვენ გვინდა ამ ევროპის წინსვლა. და ეს სამუშაო დღეს, არჩევნების მეორე დღეს იწყება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.