ურსულა ფონ დერ ლაიენი - გლობალური ბიზნესსაზოგადოებისთვის მთავარი საზრუნავი მომავალ ორ წელიწადში არის არა კონფლიქტი ან კლიმატი, არამედ დეზინფორმაცია
ურსულა ფონ დერ ლაიენი - გლობალური ბიზნესსაზოგადოებისთვის მთავარი საზრუნავი მომავალ ორ წელიწადში არის არა კონფლიქტი ან კლიმატი, არამედ დეზინფორმაცია

გლობალური ბიზნესსაზოგადოებისთვის მთავარი საზრუნავი მომავალ ორ წელიწადში არის არა კონფლიქტი ან კლიმატი, არამედ დეზინფორმაცია, რომელსაც თან მოსდევს პოლარიზაცია ჩვენი საზოგადოებების შიგნით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა არ არის კონფლიქტების ან პოლარიზაციის დრო, არამედ ნდობის აღდგენის დროა.

„„გლობალური რისკების ანგარიში“ წარმოადგენს განსაცვიფრებელ და შემაფხიზლებელ საკითხავს. გლობალური ბიზნესსაზოგადოებისთვის მთავარი საზრუნავი მომავალ ორ წელიწადში არის არა კონფლიქტი ან კლიმატი, არამედ დეზინფორმაცია, რომელსაც თან მოსდევს პოლარიზაცია ჩვენი საზოგადოებების შიგნით. ეს რისკები სერიოზულია, რადგან ისინი ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, გავუმკლავდეთ დიდ გლობალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ვდგავართ: ცვლილებები კლიმატში და გეოპოლიტიკურ კლიმატში, დემოგრაფიული და ტექნოლოგიური ცვლილებები, მზარდი რეგიონული კონფლიქტები, გაძლირებული გეოპოლიტიკური კონკურენცია და მათი გავლენა მიწოდების ჯაჭვებზე. შემაფხიზლებელი რეალობა არის ის, რომ ქვეყნებს შორის კონკურენცია უფრო ინტენსიურია, ვიდრე ბოლო ათწლეულებში იყო და ეს დავოსის წლევანდელი შეხვედრის თემას უფრო აქტუალურს ხდის. „ნდობის აღდგენა“ – ეს არ არის კონფლიქტების ან პოლარიზაციის დრო. ეს არის ნდობის აღდგენის დრო. დადგა დრო, გავააქტიუროთ გლობალური თანამშრომლობა, როგორც არასდროს.

რა თქმა უნდა, როგორც ყველა დემოკრატიაში, ჩვენს თავისუფლებას თან ახლავს რისკები. ყოველთვის იქნებიან ისინი, ვინც ეცდებიან ჩვენი ღიაობის გამოყენებას როგორც შიგნიდან, ისე გარედან. ყოველთვის იქნება ჩვენი გზიდან აცდენის მცდელობები, მაგალითად, დეზინფორმაციის გზით. და არსად არ მომხდარა ეს იმაზე ძლიერ, ვიდრე უკრაინის საკითხზე. ასე რომ, ნება მიბოძეთ, მოგაწოდოთ რეალური ინფორმაცია. რუსეთი ვერ აღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს. ეს, უპირვლეს ყოვლისა, არის სამხედრო მარცხი“ , – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.