ურსულა ფონ დერ ლაიენი - გავიარეთ ყველაზე პრობლემური პერიოდი, რომელიც ჩვენს კავშირს ოდესმე ჰქონია და შევინარჩუნეთ გრძელვადიანი ევროპული მიზნების კურსი
ახლა ჩემი ყურადღება მიმართული იქნება კომისრების გუნდის შექმნაზე, უახლოეს კვირებში ვთხოვ ლიდერებს, წარადგინონ კანდიდატები, მსურს, ავირჩიო საუკეთესოდ მომზადებული კანდიდატები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ვალდებულებებს, – ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ განაცხადა.
მან ევროპარლამენტის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის.
„ეს ჩემთვის ძალიან ემოციური და განსაკუთრებული მომენტია. პირველ რიგში, არ შემიძლია, დავიწყო იმის აღნიშვნის გარეშე, თუ რამდენად მადლიერი ვარ იმ ნდობისთვის, რომელიც ევროპული პარლამენტის უმრავლესობამ გამომიცხადა. ეს ასევე იმის მაჩვენებელია, თუ რა რთული სამუშაო გავწიეთ ერთად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენ არ დავიშურეთ ძალისხმევა. ჩვენ გავიარეთ ყველაზე პრობლემური პერიოდი, რომელიც ჩვენს კავშირს ოდესმე ჰქონია და შევინარჩუნეთ ჩვენი გრძელვადიანი ევროპული მიზნების კურსი. ახლა ჩემი ყურადღება მიმართული იქნება კომისრების გუნდის შექმნაზე, რომლებიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იმუშავებენ. უახლოეს კვირებში მე ვთხოვ ლიდერებს, წარადგინონ თავიანთი კანდიდატები. მე, როგორც წინა ჯერზე, მოვითხოვ კანდიდატად კაცისა და ქალის წარდგენას. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი კანდიდატებს გავესაუბრები. მე მსურს, ავირჩიო საუკეთესოდ მომზადებული კანდიდატები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ვალდებულებებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.