ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპა არის ოცნება, რომელიც ტრაგედიიდან იშვა
ევროპა არის ოცნება, რომელიც ტრაგედიიდან იშვა, – ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
გერმანელმა პოლიტიკოსმა თავისი გამოსვლა ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დევიდ სასოლის სიტყვებით დაიწყო, რომ დემოკრატია კვლავაც მოდაშია და ის უნდა განახლდეს, რათა კვლავ შეძლოს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება.
„ევროპა არის ოცნება, რომელიც ტრაგედიიდან იშვა. მაგრამ დღეს ეს ოცნება არა მხოლოდ ამ ისტორიულ დარბაზში ანათებს, არამედ ის კაშკაშებს კიევში, ოდესაში, პოლტავაში, მარიუპოლსა და მიკოლაევში მცხოვრები ადამიანების გულებში. ეს ოცნება ყველაზე მეტად კაშკაშებს იმ ოჯახებისა და ახალგაზრდა ადამიანების სიმამაცეში, რომლებიც მეტროებსა და მიწისქვეშა თავშესაფრებში არიან. მათში, ვინც გლოვობს ბუჩაში ჩადენილ უგუნურ დანაშაულებებს, ასევე ირპენში და ყველა უკრაინულ სოფელსა და ქალაქში, რომელსაც თავს ომი დაატყდა. ეს ოცნება ანათებს იმ ახალგაზრდა უკრაინლებში, ვინც ევროპაში თავშესაფარი იპოვა – სახლი სამშობლოდან შორს. ეს ხალხი მზადაა, იბრძოლოს და მოკვდეს საკუთარი მომავლისთვის და ევროპის ოცნებისთვის. ეს ოცნება ყოველთვის იყო, და უნდა დარჩეს. ჩემი გზავნილი უკრაინელებისთვის შემდეგია, ევროპის მომავალი თქვენი მომავალია. ჩვენი დემოკრატიის მომავალი, თქვენი დემოკრატიის მომავალია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.