ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია 53 მილიონი ევროს მობილიზაციას მოახდენს, რათა ბელარუს ხალხს დავეხმაროთ
ევროკომისია 53 მილიონი ევროს მობილიზაციას მოახდენს, რათა ბელარუს ხალხს დავეხმაროთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპა დღეს ბელარუსი ხალხის გვერდით დგას.
„ბელარუს ხალხს ცვლილებები ახლა სურს. შთაგონებული ვართ ბელარუსი ხალხის სიმამაცით. ისინი უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას ითხოვენ. მათ სურთ დემოკრატია და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. დღეს ჩვენ მათი მისამართით სამი მკაფიო გზავნილი გავაჟღერეთ. ჩვენ ბელარუსი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელსაც დემოკრატია სურს. ჩვენ სანქციებს დავუწესებთ ძალადობასა და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე პასუხიმგებელ პირებს. ბელარუსი ხალხი ქუჩაში მშვიდობიანად გავიდა და ხელისუფლებამ მათ ძალადობით უპასუხა. ეს მიუღებელია. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ ბელარუსს საკმაოდ დიდი დახმარება გავუწიეთ, მაგრამ ეს ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ევროკომისია 53 მილიონი ევროს მობილიზაციას მოახდენს, რათა დავეხმაროთ ბელარუს ხალხს ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.