გაფართოების ყოველ ტალღას თან ახლდა პოლიტიკური კავშირების გაღრმავება, მჯერა, რომ შემდეგი გაფართოებაც უნდა იყოს პროგრესის კატალიზატორი, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.
მან ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ევროკავშირმა უნდა გადადგას „კავშირის სრულყოფისთვის“. ფონ დერ ლაიენმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირს უახლოეს მომავალში 30-ზე მეტი წევრი ეყოლება და ამისთვის აუცილებელია გაფართოების ახალი ხედვის დასახვა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ ხედვაში უნდა იყოს კანონის უზენაესობის დაცვის პრინციპის უზრუნველყოფა, როგორც მოქმედ, ისე მომავალ წევრ სახელმწიფოებში. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ამ მიზნით, ევროკომისია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
„ჩემი გამოსვლა დავიწყე იმით, რომ ევროკავშირი პასუხობს ისტორიის ძახილს და ისტორია ახლა მოგვიწოდებს, ვიმუშაოთ ჩვენი კავშირის სრულყოფაზე. მსოფლიოში როდესაც ბევრი ცდილობს ქვეყნების განცალკევებას, ჩვენ არ გვაქვს უფლება, თანამემამულე ევროპელები მივატოვოთ. მსოფლიოში, სადაც ზომასა და წონას აქვს მნიშვნელობა, მკაფიოა, რომ ევროპის სტრატეგიულ ინტერესებში შედის ჩვენი კავშირის სრულყოფა. მაგრამ პოლიტიკისა და გეოპოლიტიკის მიღმაც უნდა დავინახოთ, რა დევს ფსონზე. ჩვენ უნდა დავსახოთ წარმატებული გაფართოების ხედვა. სრულყოფილ ევროკავშირში 500 მილიონზე მეტი ადამიანია გაერთიანებული, რომლებიც თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ კავშირში ცხოვრობენ; სადაც ახალგაზრდები ცხოვრობენ, სწავლობენ და მუშაობენ თავისუფლებაში; სადაც დემოკრატია აქტიურია; სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, ოპოზიციას პატივს სცემენ და ჟურნალისტებს პატივისცემით ეპყრობიან, რადგანაც კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებები ყოველთვის იქნება ჩვენი კავშირის საფუძველი, უკვე არსებულ და მომავალ წევრ ქვეყნებშიც. ამიტომ ევროკომისიამ კანონის უზენაესობის შესახებ ანგარიშები გადამწყვეტ პრიორიტეტად აქცია. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ წევრ ქვეყნებთან, რათა გამოვავლინოთ პროგრესი და პრობლემები და გავცეთ რეკომენდაციები მომავალი წლისთვის. ამან უზრუნველყო ანგარიშვალდებულება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წინაშე. ამან მოგვცა საშუალება, დაწყებულიყო დიალოგი წევრ სახელმწიფოებს შორის და ეს იძლევა შედეგს. მჯერა, რომ იმავეს გაკეთება შეგვიძლია მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვისაც და ამიტომაც მოხარული ვარ, დავაანონსო, რომ ჩვენ გავხსნით კანონის უზენაესობის შესახებ ანგარიშებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც პროცესის დაჩქარება სურთ. ეს მათ წევრ სახელმწიფოებთან თანაბარ დონეზე დააყენებს და დაეხმარება რეფორმების ძალისხმევაში. ეს დაგვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ ჩვენი მომავალი არის თავისუფლების, უფლებებისა და ღირებულებების კავშირი ყველასთვის. ეს არის ჩვენს ინტერესებში. უბრალოდ დაფიქრდით 20 წლის წინ მომხდარ დიდ გაფართოებაზე. ჩვენ მას დავარქვით მისალმების ევროპული დღე. ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ეკონომიკური მიღწევები, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გააუმჯობესა. მე მინდა, ჩვენ გავიხედოთ წინ ახალი გაფართოებისკენ და ეკონომიკური წარმატებებისკენ. მე ვიცი, რომ ეს არ არის იოლი გზა“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და ევროკომისია მუდამ დაიცავს ამ პრინციპებს.
„ეს პროცესი საჭიროებს მძიმე სამუშაოს და ლიდერობას, თუმცა უკვე ბევრ პროგრესს ვხედავთ. ჩვენ დავინახეთ დიდი წინსვლა, რომელსაც უკრაინამ მიაღწია მას შემდეგ, რაც ჩვენ მას კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ და ვნახეთ სხვა კანდიდატი ქვეყნების შემართება რეფორმების განსახორციელებლად. ახლა დროა, გავაერთიანოთ ეს ძალისხმევა და ეს ნიშნავს ფიქრს იმაზე, თუ როგორ უნდა მივიდეთ სრულყოფილ კავშირამდე. ჩვენ უნდა გავცდეთ ძველ ორაზროვან დებატებს გაფართოებაზე. ეს კითხვა არ ეხება წევრი ქვეყნების ინტეგრაციის გაღრმავებას ან კავშირის გაფართოებას. ჩვენ შეგვიძლია და ორივე უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვძენს გეოპოლიტიკურ ღირებულებას და შესაძლებლობას, ვიმოქმედოთ. და ეს არის, რასაც ჩვენი კავშირი ყოველთვის აკეთებდა. გაფართოების ყოველ ტალღას თან ახლდა პოლიტიკური კავშირების გაღრმავება. ქვანახშირისა და ფოლადის კავშირიდან სრულ ეკონომიკურ ინტეგრაციამდე. რკინის ფარდის დაცემის შემდეგ ჩვენ ეკონომიკური პროექტი ვაქციეთ ხალხისა და სახელმწიფოების ნამდვილ კავშირად. მჯერა, რომ შემდეგი გაფართოებაც უნდა იყოს პროგრესის კატალიზატორი. ჩვენ დავიწყეთ სახლის შენება 27 წევრისგან და მე მჯერა, რომ შეგვიძლია, დავასრულოთ 30-ზე მეტი წევრით. ჩვენ დავიწყეთ თავდაცვითი კავშირის შენება 27 წევრით. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია დავასრულოთ 30-ზე მეტი წევრით, რომ დავამტკიცოთ და ვაჩვენოთ – ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ გეოპოლიტიკური კავშირი და ვიმოქმედოთ სწრაფად, თუ ერთიანები ვართ. ევროპარლამენტი მუდამ იყო ევროინტეგრაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ათწლეულებია, ეს ასეა. და ახლაც ასეა. მე ყოველთვის დავუჭერ მხარს ევროპარლამენტს და ყველას, ვისაც სურს ევროკავშირის რეფორმირება, რათა მან უკეთ იმუშაოს მოქალაქეებისთვის, და დიახ, მათ შორის ეს ნიშნავს ევროპული კონვენციებისა და ევროკავშირის შეთანხმების შეცვლას თუ და სადაც ეს საჭიროა. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა დაველოდოთ ევროკავშირის შეთანხმების ცვლილებას, რათა წინ წავიწიოთ გაფართოების საკითხში. ევროკავშირის გაფართოებისთვის მზადყოფნის მიღწევა უფრო სწრაფადაც შეიძლება. ეს ნიშნავს პრაქტიკული კითხვების გაცემას, თუ როგორ იმუშავებს 30-ზე მეტი წევრისაგან შემდგარი კავშირი და კერძოდ, ეს ეხება ჩვენს შესაძლებლობას, ვიყოთ ქმედითები. კარგი ამბავი ისაა, რომ ყოველი გაფართოებისას, ისინი, რომლებიც ამბობდნენ, რომ გაფართოება ევროკავშირს ნაკლებად ეფექტურს გახდიდა, არასწორები აღმოჩნდნენ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე გაამახვილა ყურადღება ევროკავშირის რეფორმირების აუცილებლობაზე, რაც ახალი წევრების მიღების შემდეგ ევროკავშირის ქმედუნარიანობას უზრუნველყოფს.
„სწორედ ამიტომ კომისია დაიწყებს გაფართოებამდე პოლიტიკის მიმოხილვებზე მუშაობას, რათა ვნახოთ, თუ როგორ იქნება შესაძლებელი თითოეული სფეროს ადაპტაცია და როგორ მოერგება ეს უფრო დიდი ევროკავშირს. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ იმუშავებენ ჩვენი ინსტიტუტები. უნდა განვიხილოთ ევროკავშირის ბიუჯეტის მომავალი, თუ რას აფინანსებს, როგორ აფინანსებს და როგორ დგება ბიუჯეტი. ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ სანდო უსაფრთხოების გარანტიები იმ მსოფლიოში, სადაც შეკავება ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის კითხვები, რომლებსაც უნდა გავცეთ პასუხი, თუ გვსურს, ვიყოთ მზად ხვალისთვის. ევროკომისია თავის როლს შეასრულებს და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ რწმენით, რომ ჩვენი კავშირის სრულყოფა არის საუკეთესო ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში ჩვენი კონტინენტისთვის. ახლა დროა, ევროპისთვის უფრო მასშტაბურად ვიფიქროთ და თავად განვსაზღვროთ ჩვენი ბედისწერა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.