ურსულა ფონ დერ ლაიენი - დროა, დაჩქარდეს სამხედრო პროდუქციის წარმოება, რომელიც უკრაინას სჭირდება, თვეები არ უნდა სჭირდებოდეს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას
ურსულა ფონ დერ ლაიენი - დროა, დაჩქარდეს სამხედრო პროდუქციის წარმოება, რომელიც უკრაინას სჭირდება, თვეები არ უნდა სჭირდებოდეს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას

ჩვენ არასდროს მივიღებთ, რომ პუტინი თელავდეს საერთაშორისო სამართალს, რომელიც ყველა ჩვენგანს იცავს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე – „გეოპოლიტიკური ევროპის დაბადება“ გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ამერიკულ მხარესთან ერთად, ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყეს პოტენციურ სანქციებზე მუშაობა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. მისივე თქმით, იმედი ჰქონდათ, რომ აღნიშნულ სანქციებს არ გამოიყენებდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ნათლად განვაცხადოთ, რა სახის ომია ეს, რომელიც ეხება პუტინის იმპერიალისტურ გეგმებს. ჩვენ არასდროს მივიღებთ ამ იმპერიალისტურ ომს, არასდროს მივიღებთ, რომ პუტინი თელავდეს საერთაშორისო სამართალს, რომელიც ყველა ჩვენგანს იცავს. ყველა ქვეყანასთან გაერო-ს ქარტიის მიხედვით უნდა გქონდეს ურთიერთობა. ჩვენ არასდროს მივიღებთ, რომ დღეს ვიღაცას შეუძლია ტანკების გაგზავნა საზღვრების მიღმა, ქვეყანაში შეჭრის მიზნით. ერთი წლის წინ ამერიკელმა მეგობრებმა უპრეცედენტო რამ გააკეთეს, დაიწყეს სადაზვერვო მონაცემების გასაჯაროება. ამან ადრეული შეტყობინება მოგვცა. ჩემმა კაბინეტმა მათთან მუშაობა უკვე დეკემბერში დაიწყო პოტენციურ სანქციებზე, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. ვიმედოვნებდით, რომ ეს არასდროს მოხდებოდა, არ გამოვიყენებდით ამ სანქციებს. ინტენსიური მუშაობის შემდეგ, შევადგინეთ სანქციები, რაც მიმართული იყო თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ეს სინქრონიზებული იყო დიდ შვიდეულთან. ამან შესაძლებელი გახადა, შეჭრიდან რამდენიმე დღეში ძალიან ძლიერი სანქციების პაკეტი წარმოგვედგინა. ჩვენმა მეგობრებმა, მოკავშირეებმა და პარტნიორებმა დაუყოვნებლივ გააცნობიერეს, რომ ეს სერიოზული ამბავი იყო, ჩვენი არსებობის მთავარ წერტილს ეხებოდა. ჩვენ ერთიანები ვართ და ეს ერთიანობა შენარჩუნდება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა დაჩქარდეს სამხედრო პროდუქციის წარმოება, რომელიც უკრაინას სჭირდება.

„პუტინის ეს იმპერიული გეგმები სრულად ჩაიშლება. ეს არის ერთი ამოცანა. უკრაინა შეძლებს გამარჯვებას. ახლა ნამდვილად დროა, დაჩქარდეს სამხედრო პროდუქციის წარმოება, რომელიც უკრაინას სჭირდება. მათ შორის, სტანდარტიზებული აღჭურვილობა. თვეები არ უნდა სჭირდებოდეს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას. ჩვენ გვაქვს ევროპული სამშვიდობო შესაძლებლობის ინსტრუმენტი, რომელიც წევრ ქვეყნებს აფინანსებს, რომ მისცენ სამხედრო აღჭურვილობა უკრაინას. მას აქვს საკოორდინაციო მექანიზმი უკრაინასთან. ჩვენ დავარწმუნეთ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიები, რომ საჭიროა, დროულად გაზარდონ სტანდარტიზებული პროდუქციის წარმოება. მათ შორის არის 155-მილიმეტრიანი არტილერია. მეორე ნაწილია უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოება, უკრაინა უნდა გადარჩეს ეკონომიკურად. ჩვენ შევთანხმდით უკრაინისთვის ყოველთვიურად 1.5 მილიარდი ევროს დახმარებაზე. ამ კუთხით საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა მეტი უნდა გააკეთონ“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.