ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ უკრაინისთვის უკრაინის გარეშე, ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინის სამშვიდობო გეგმას
ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ უკრაინისთვის უკრაინის გარეშე, ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინის სამშვიდობო გეგმას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რეიკიავიკის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი როდესაც აწარმოებს ომს დემოკრატიის წინააღმდეგ, ევროპა მთლიანია და უკრაინის გვერდით დგას.
„დღეს ომი ევროპაში დაბრუნდა, მაგრამ უკრაინელთა უმეტესობისთვის ეს ომი 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტები ევროპის დროშას მაიდანზე აფრიალებდნენ. ისინი დახოცეს სნაიპერებმა. ეს დაიწყო 2014 წელს რუსეთის პირველი შეჭრით ყირიმსა და დონბასში. უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რისიც ჩვენ გვჯერა. ძალიან მადლიერი ვარ, რომ გავერთიანდით მშვიდობის დაცვასა და დემოკრატიის ხელშეწყობაში, რადგან სწორედ ეს არის მიზეზი, რისთვისაც ევროპის საბჭო შეიქმნა და ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ აქ ვართ. როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს დემოკრატიის წინააღმდეგ, ევროპა მთლიანია და დგას უკრაინის გვერდით. ეს ჩვენი ვალდებულებაა. 19 000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს და მოწყვიტეს თავიანთ ოჯახებს. ეს არის ის, რაზეც ისლანდიის სამიტი უნდა ფოკუსირდეს. ეს არის ის, რატომაც ვართ აქ, რომ განვიხილოთ ეს საკითხები. ეს დღეს მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვის, რადგან პასუხისმგებლობის დაყენების პერსპექტივას შეუძლია, შეაჩეროს რუსი ჯარისკაცები ომის ახალი დანაშაულების ჩადენისგან. ეს ასევე მნიშვნელოვანია მომავლისთვის, რადგან მხოლოდ სამართლიანობას შეუძლია, უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობა მოიტანოს.
დემოკრატიისთვის ბრძოლა გრძელდება ქვეყნებში, სადაც ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა გამოწვევაა. ეს გრძელდება უკრაინაში. გრძელდება ყველგან, სადაც მოსახლეობა გადის ქუჩებში და ჩვენი საერთო ღირებულებების დროშას აფრიალებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინამ მოიგოს მშვიდობა. ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ უკრაინისთვის უკრაინის გარეშე. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინის სამშვიდობო გეგმას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.