ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპარლამენტში აგორებული კორუფციული სკანდალი გამჭვირვალედ და ყველა სტანდარტის დაცვით უნდა იყოს გამოძიებული
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპარლამენტში აგორებული კორუფციული სკანდალი გამჭვირვალედ და ყველა სტანდარტის დაცვით უნდა იყოს გამოძიებული

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპარლამენტში აგორებული კორუფციული სკანდალი გამჭვირვალედ და ყველა სტანდარტის დაცვით უნდა იყოს გამოძიებული.

ასე გამოეხმაურა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტში მიმდინარე ანტიკორუფციულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცავები კატარის მხრიდან ევროპელი მაღალჩინოსნების მოქრთამვის შემთხვევებს სწავლობენ.

გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს ოთხ ადამიანს. მათ შორის არის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ბერძენი დეპუტატი ევა კაილი, რომელსაც უფლებამოსილება უკვე შეუწყვიტეს, საბერძნეთში კი მისი ანგარიშები გაყინეს.

„ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უკიდურეს შეშფოთებას იწვევს და ძალიან სერიოზულია. ეს ეხება ადამიანების ნდობას ჩვენი ინსტიტუტებისადმი. და ეს ნდობა ჩვენი ინსტიტუტებისადმი საჭიროებს დამოუკიდებლობის უმაღლეს სტანდარტს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, კრიტიკული მნიშვნელობისაა მკაცრი წესების არსებობა, რომლებიც უნდა ვრცელდებოდეს ევროპულ ინსტიტუტებზე და გამონაკლისი არ უნდა იყოს დაშვებული.