უპრეცედენტო დაკვირვება წითელ გიგანტ ვარსკვლავზე, რომელიც მზის მომავალს დაგვანახებს
21:25, 10.11.2017
პირველად ისტორიაში, ასტორონომთა ჯგუფი დეტალებში დააკვირდა ზუსტად მზის მასის მქონე ბებერი ვარსკვლავის ზედაპირს.
როგორც ატაკამის ფართო მილიმეტრული/სუბმილიმეტრული ტელესკოპის (ALMA)-ს მიერ გადაღებული ფოტოები გვიჩვენებს, ეს ვარსკვლავი გიგანტია, დიამეტრი ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე დედამიწის ორბიტა მზის გარშემო; ვარსკვლავის ატმოსფერო დაზიანებულია მძლავრი, მოულოდნელი შოკური ტალღების მიერ.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
ჯგუფმა, რომელსაც შვედეთის ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარი ვუტერ ვლემინგსი ხელმძღვანელობდა, ტელესკოპი ALMA გამოიყენა, რათა განეხორციელებინათ ამ დრომდე ყველაზე მკვეთრი დაკვირვებები მზის მასის მქონე ვარსკვლავზე. შედეგად, დეტალური ფოტოები გადაუღეს წითელ გიგანტ ვარსკვლავ W ჰიდრას, რომელიც ჩვენგან 320 სინათლის წლის მანძილზე, ჰიდრის თანავარსკვლავედში მდებარეობს.
W ჰიდრა ასიმპტომურ გიგანტთა შტოს ვარსკვლავია. ასეთი ბებერი ვარსკვლავები ცივია, კაშკაშა და მასას ვარსკვლავური ქარების მეშვეობით კარგავენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევისწავლოთ არა მხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურებიან წითელი გიგანტი ვარსკვლავები, არამედ ისიც, თუ როგორ იცვლებიან და კვებავენ გალაქტიკას სასიცოცხლო ელემენტებით. ALMA-ს ანტენების უმაღლესი რეზოლუციის კონფიგურაციის გამოყენებით, შეგვიძლია წარვმართოთ ამ ცივი და ამაღელვებელი ვარსკვლავების ამ დრომდე ყველაზე დეტალური დაკვირვებები“, — ამბობს ვუტერ ვლემინგსი.
მზის მსგავსი ვარსკვლავები დროის რამდენიმე მილიარდწლიან მონაკვეთში ვითარდება. როდესაც ისინი ბერდებიან, ფართოვდებიან, ცივდებიან და ვარსკვლავური ქარების ფორმით კარგავენ მასას. ვარსკვლავები აწარმოებენ ისეთ მნიშვლენოვან ელემენტებს, როგორებიცაა ნახშირბადი და აზოტი. როდესაც ისინი წითელი გიგანტის სტადიას აღწევენ, ეს ელემენტები კოსმოსში გაიფანტება და უკვე მზადაა ვარსკვლავთა მომდევნო თაობაში გამოსაყენებლად.
ALMA-ს ფოტოები უზრუნველგვყოფს მზის მასის წითელი გიგანტის ზედაპირის ამ დრომდე უსუფთავესი ხედით. წინა ფოტოებმა ჩვენ გვაჩვენა გაცილებით მასიურ წითელ სუპერგიგანტ ვარსკვლავთა დეტალები, მაგალითად ბეთელჰეიზესი და ანტარესის. დაკვირვებებმა მეცნიერებიც გააოცა. მოულოდნელად კომპაქტური და კაშკაშა ლაქა იმის მტკიცებულებაა, რომ ამ ვარსკვლავს საოცრად ცხელი აირები აქვს ვარსკვლავის ზედაპირს ზემოთ არსებულ ფენაში — ქრომოსფეროში.
„ამ კაშკაშა ლაქის კვლევა გვაფიქრებინებს, რომ ვარსკვლავის ატმოსფეროში მძლავრი შოკური ტალღებია, რომლებიც იმაზე გაცილებით მაღალ ტემპერატურას აღწევენ, ვიდრე ამას ასიმპტომურ გიგანტთა შტოს თეორიული მოდელები პროგნოზირებს“, — ამბობს ჯგუფის წევრი, ჩალმერსის უნივერსიტეტის ასტრონომი თეო ხური.
არანაკლებ გასაოცარია ალტერნატიული შესაძლებლობაც — დაკვირვებების დროს, ვარსკვლავზე გიგანტური აფეთქება მოხდა. ALMA-სა და სხვა ინსტრუმენტთა გამოყენებით, ასტრონომები ამჟამად ახალ დაკვირვებებს აწარმოებენ, რათა უკეთ შეისწავლონ W ჰიდრას უცნაური ატმოსფერო.
„მსგავსი დაკვირვებები, ALMA-ს მაღალი რეზოლუციის კონფიგურაციით, გამომწვევია, მაგრამ ამავე დროს საყურადღებოც“, — განმარტავს ჯგუფის წევრი, ჩალმერსის ასტრონომი ელვირ დე ბეკი.
„დამამდაბლებელია უყურო W ჰიდრას ფოტოებს და იხილო მისი ზომა დედამიწის ორბიტასთან შედარებით. ჩვენ დაბადებულები ვართ ამ ვარსკვლავის მსგავს ვარსკვლავებში წარმოქმნილი მასალისგან; შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია გვქონდეს გამოწვევა, რათა შევაგროვოთ გარკვეული ცნობები, რომლებიც რაღაცას გვეტყვის ჩვენი წარმოშობისა და მომავლის შესახებ“, — ამბობს ბეკი.