ამერიკელი ესეისტისა და ჟურნალისტის, მაიკლ უოლფის ახალმა წიგნმა, სახელწოდებით „ცეცხლი და მძვინვარება – ტრამპი თეთრი სახლი“ ვაშინგტონში მღელვარება გამოიწვია.
ავტორი აქამდე უცნობ ფაქტებზე წერს, რომელიც მან ანონიმური წყაროებისა და ტრამპის გარემოცვის წევრების საშუალებით მოიპოვა.
დოკუმენტური პროზაული ნაწარმოები 200 ინტერვიუს აერთიანებს.
დასავლურმა მედიამ წიგნიდან ის ფაქტები ამოკრიფა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შესახებ აქამდე უცნობ დეტალებს ნათელს მოფენს.
ბენონისა და ტრამპის ძველი მეგობრობა დასრულდა
თეთრი სახლის ყოფილმა მთავარმა სტრატეგმა სტივ ბენონმა დაადასტურა, რომ 2016 წელს Trump Tower-ის 25-ე სართულზე დონალდ ტრამპის შვილი, დონალდ ტრამპ-უმცროსი რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. რუსებმა მას ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ კომპრომატის გადაცემა შესთავაზეს.
„ვფიქრობ, ეს იყო არაპატრიოტული და მოღალატეობრივი საქციელი. შესაძლოა, მათ ამაზე არც უფიქრიათ“, – ამბობს ბენონი უოლფთან საუბარში.
ტრამპს არ უნდოდა პრეზიდენტობა
„2016 წლის არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპისთვის ბევრად მოულოდნელი იყო, ვიდრე დამარცხება. იმ წუთებში ის ჰგავდა ადამიანს, რომელმაც მოჩვენება საკუთარი თვალით იხილა. მელანია 8 ნოემბრის ღამეს ტიროდა, ტრამპის ოჯახის წევრებს კი არჩევნების შედეგის დაჯერება უჭირდათ. ეს ყველაფერი დონალდ ტრამპ-უმცროსმა მეგობარს უამბო. მეორე დღეს კი ტრამპი შეიცვალა. მან ჩათვალა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულად გაიმარჯვა. მან დაიჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობა მისი პირადი გამარჯვება იყო“, – წერს უოლფი წიგნში „ცეცხლი და მძვინვარება“.
ტრამპი ინაუგურაციის დღეს ცუდ ხასიათზე იყო
უოლფი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 2017 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპი ცუდ ხასიათზე იყო. საზეიმო განწყობა არც მის ცოლს, მელანია ტრამპს ჰქონდა. წყვილს განწყობა ჰოლივუდის ვარსკვლავების მხრიდან გამოთქმულმა პროტესტმა და მწვავე კრიტიკამ გაუფუჭა. უოლფის წიგნში მკითხველი იმასაც აღმოაჩენს, რომ მელანია ტრამპს ქმრის პრეზიდენტობა არ უნდოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო აშშ-ის პირველი ლედის პრესსამსახურმა.
ტრამპს თეთრ სახლში მარტო დარჩენა აშინებს
არავინ იცის, სჯერა თუ არა ნიუ-იორკში გაზრდილ დონალდ ტრამპს მოჩვენებების, მაგრამ უოლფი წერს, რომ პრეზიდენტი თეთრი სახლის დერეფნებმა და ისტორიულმა ოვალურმა კაბინეტმა დააფრთხო.
„თეთრ სახლში მან ცალკე საძინებელი მოითხოვა. კენედის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის პირველ წყვილს ცალ-ცალკე ოთახებში სძინავთ. პირველი, რაც ტრამპმა მოითხოვა, ტელევიზორი და ოთახის ახალი საკეტი იყო. ერთ-ერთ თანამშრომელთან მან ისიც კი თქვა, რომ თეთრ სახლში შესვლისთანავე, შიშის გრძნობა დაეუფლა.“
პრეზიდენტობა ივანკასაც სურს
უოლფი დარწმუნებულია, რომ მომავალში 45-ე პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი ან მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„საინტერესო სვლა იქნება ტრამპების მხრიდან, თუ ივანკა აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. ეს იქნება გზავნილი – ის, რაც ვერ შეძლო ჰილარი კლინტონმა, შეძლო ივანკა ტრამპმა. ბენონმა ივანკასა და ჯარედ კუშნერის წყვილს „ჯარვანკა“ დაარქვა. ეს ტერმინი თეთრ სახლში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ორივეს – ქალიშვილსა და სიძეს პრეზიდენტზე დიდი გავლენა აქვთ და ამას ტრამპი არც უარყოფს“, – წერს მაიკლ უოლფი.
მედიამაგნატი მარდოკი ტრამპს „იდიოტად“ მოიხსენიებდა
წიგნში „ცეცხლი და მძვინვარება“ წერია, მედიამაგნატმა რუპერტ მარდოკმა დონალდ ტრამპს ერთხელ „იდიოტი“ უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპ წინასაარჩევნო პერიოდში მხარდაჭერას უცხადებდა. თავად ტრამპი მარდოკს საკუთარ მეგობრად და სამაგალითო ფიგურად მიიჩნევს.
„ამ კაცს უკვე წლებია, ჯიბეში უზის ობამა. იგი ობამაზე ბევრად კარგი პრეზიდენტი იქნება“, – განაცხადა მარდოკმა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს რესპუბლიკელი კანდიდატის მხარდამჭერებთან შეხვედრისას. თუმცა ავტორი ამბობს, რომ პირად საუბარში მარდოკმა ტრამპი ანტიემიგრაციული პოლიტიკის გამო „იდიოტად“ მოიხსენია.
ფლინი ტრამპს უარს ვერაფერზე ეუბნებოდა
დონალდ ტრამპის მრჩეველი უსაფრთოების საკითხებში მაიკლ ფლინი, რომელიც რუსეთის ელჩთან საიდუმლო შეხვედრის გამო თანამდებობიდან 2017 წლის თებერვალში გადადგა, დარწმუნებული იყო, რომ რუსებთან მოლაპარაკებები მას და ტრამპის გარემოცვას ძვირად დაუჯდებოდა. ესეისტი და ჟურნალისტი უოლფი ფიქრობს, რომ რუსებთან მოლაპარაკებები მაიკლ ფლინს ტრამპმა და კუშნერმა დააძალეს, თავად ფლინს კი ძალა არ ეყო, უარი ეთქვა.
„ფლინს თავადაც არ სჯეროდა, რომ ტრამპის გუნდი თეთრ სახლში შევიდოდა. ის ამბობდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მედია ამ საიდუმლო შეხვედრის შესახებ აუცილებლად შეიტყობდა. ეს ძვირად დაგვიჯდებაო, აფრთხილებდა ფლინი ტრამპს“, – წერია წიგნში.
კუშნერმა არ იცის, რა არის ამერიკისთვის მთავარი პრიორიტეტი
როდესაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპის სიძეს და პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს, ბიზნესმენ ჯარედ კუშნერს ჰკითხეს, თუ რა არის სამი მთავარი პრიორიტეტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, კუშნერმა მხრები აიჩეჩა. მას პასუხი არ ჰქონდა.
„მოგვიანებით გიპასუხებთ“, – უთქვამს კუშნერს.
მაიკლ უოლფი წერს, რომ ზემოთ ხსენებული კითხვა კუშნერს ექვსი კვირის შემდეგაც დაუსვეს, მაგრამ ივანკა ტრამპის ქმარმა და პრეზიდენტის მრჩეველმა დასმული შეკითხვა კვლავაც უპასუხოდ დატოვა.