მედიის ცნობით, ზოგიერთ დასავლელ მაღალჩინოსანს სურს, ტერიტორიების ნაწილის სანაცვლოდ, უკრაინას ნატო-ს ან ევროკავშირის წევრობა შესთავაზონ
ზოგიერთი დასავლელი მაღალჩინოსანი ისურვებდა, რომ, ტერიტორიების ნაწილის დაკარგვასთან შეგუების სანაცვლოდ, უკრაინისთვის ნატო-ს ან ევროკავშირის წევრობა შეეთავაზებინათ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა „უოლ სთრით ჯოურნალი“ წერს.
როგორც მედიასაშუალება წერს, ზოგიერთი დასავლელი მაღალჩინოსანი ომის დასასრულებლად უკრაინას ტერიტორიული დათმობის შესახებ შეთანხმებებს სთავაზობს, თუმცა ეს არ შეესაბამება როგორც კიევის, ისე მოსკოვის მიზნებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-სა და მის წამყვან ევროპელ მოკავშირეებს, როგორიცაა გერმანია, სურთ, არ დაუშვან რუსეთის გამარჯვება, თუმცა, ამავე დროს, ეშინიათ უკრაინის სრული გამარჯვებისთვის დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებული ხარჯებისა და რისკების.
„უოლ სთრით ჯოურნალის“ თანახმად, ზოგიერთი დასავლელი მაღალჩინოსანი შიშობს, რომ უკრაინის მაქსიმალისტური მიზნები უზრუნველყოფს უსასრულო ომს და ამიტომ ისინი ისურვებდნენ, უკრაინისთვის შეეთავაზებინათ შეთანხმება, რომ ის შეეგუოს ტერიტორიის ნაწილის ფაქტობრივ დაკარგვას ნატო-ს ან ევროკავშირში წევრობის ან გრძელვადიანი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ.
როგოც გამოცემა აღნიშნავს, ასეთი მოსაზრება აიხსნება დასავლეთის სწრაფვით, შეაკავოს კონფლიქტი, რომლის შოკური ტალღები იგრძნობა მსოფლიო ეკონომიკაში, ასევე გაურკვევლობით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდხანს დაუჭერენ მხარს დასავლელი ამომრჩევლები კიევისთვის დახმარების ამჟამინდელ დონეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა, რომელმაც დაუშვა ალიანსში უკრაინის წევრობა ტერიტორიის ნაწილზე უარის თქმის სანაცვლოდ. მოგვიანებით, მან საკუთარ სიტყვებს „შეცდომა“ უწოდა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კი განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ, გადაწყვიტონ, როდის არსებობს პირობები მოლაპარაკებებისთვის და რომელი გადაწყვეტილებაა მისაღები.