„უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლების სანაცვლოდ, შესაძლოა, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებაც მოითხოვონ
„უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლების სანაცვლოდ, შესაძლოა, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებაც მოითხოვონ

„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, წარმოშობით ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლების სანაცვლოდ, დასავლეთში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნას განიხილავენ.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთი ცდილობს, მიაღწიოს კრასიკოვის გათავისუფლებას, რომელიც გერმანიაში იხდის სასჯელს.

„უოლ სთრით ჯორნალთან“ საუბარში ანონიმური წყარო აცხადებს, რომ სანაცვლოდ, აშშ-ს სურს, გაათავისუფლოს რუსეთში პატიმრობაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეები. კერძოდ, საუბარია საზღვაო ქვეით პოლ უილანსა და „უოლ სთრით ჯორნალის“ კორესპონდენტ ევან გერშკოვიჩზე.

როგორც სტატიაში აღნიშნული, ამასთან ერთად, განიხილება პატიმრების მრავალმხრივი გაცვლაც, რაც მოიცავს დასავლეთის ქვეყნებში გასამართლებული რუსეთის მოქალაქეების გაცვლას რუსეთის პატიმრობაში მყოფ უცხოელებსა და რუს დისიდენტებზე, მათ შორის შესაძლოა, მოხვდეს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნიც.

როგორც გამოცემა წერს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაპატიმრებული კრასიკოვის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები „არაპროგნოზირებადია“.

საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წელს მოკლეს. გერმანიის სასამართლომ დაადგინა, რომ ის რუსეთის მთავრობის დავალებით მოკლეს. განაჩენში წერია, რომ ხანგოშვილზე ჩეჩნეთის მეორე ომში მონაწილეობის გამო იძიეს შური.