„უოლ სთრით ჯორნალი“ - ტრამპის გარდამავალი ოფისი რამდენიმე ვერსიას განიხილავს, რომლებიც მოიცავს უკრაინაში ომის გაყინვას, ნატო-ში გაწევრიანების პროცესის, სულ მცირე, 20 წლით შეჩერებას
„უოლ სთრით ჯორნალი“ - ტრამპის გარდამავალი ოფისი რამდენიმე ვერსიას განიხილავს, რომლებიც მოიცავს უკრაინაში ომის გაყინვას, ნატო-ში გაწევრიანების პროცესის, სულ მცირე, 20 წლით შეჩერებას

„ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინაში კონფლიქტს დაასრულებდა. ახლა მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ გააკეთებს ამას“, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

მედიასაშუალების ცნობით, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დაახლოებულმა საგარეო პოლიტიკის მრჩევლებმა წარმოადგინეს უკრაინაში ფრონტის ხაზის ეფექტიანად გაყინვის გეგმის სხვადასხვა ვერსია.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დონალდ ტრამპის დაპირება, უკრაინაში ომი ინაუგურაციამდე დაასრულოს, არჩეულ პრეზიდენტს იძულებულს ხდის, გააკეთოს არჩევანი მრჩევლების კონკურენტულ წინადადებებს შორის, რომლებიც მკვეთრად განსხვავდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიდგომისგან, კიევს იარაღი მიაწოდოს, „ვიდრე ეს საჭიროა“.

თავისი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში დონალდ ტრამპი აკრიტიკებდა ჯო ბაიდენის პოლიტიკას უკრაინასთან დაკავშირებით და აფრთხილებდა, რომ ამან მესამე მსოფლიო ომი უფრო სავარაუდო გახადა და რომ კიევმა გაყვლიფა აშშ მილიარდობით დოლარის იარაღის უფასოდ მოპოვებით. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეეძლო კონფლიქტის სწრაფად მოგვარება ორივე მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანით, მაგრამ არ გაუმხელია, როგორ გააკეთებს ამას.

„მე ვერ გეტყვით ამ გეგმებს, რადგან თუ გავამხელ ამ გეგმებს, ვერ შევძლებ მათ შესრულებას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მოკავშირეები ამბობენ, რომ სინამდვილეში მას კონკრეტული სამშვიდობო გეგმა არ დაუმტკიცებია, მათ შორის, არც ის, თუ როგორ დაარწმუნებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, დასხდნენ ერთ მაგიდასთან და მოლაპარაკება გამართონ. მიუხედავად იმისა, რომ მრჩევლებმა ტრამპს იდეები შესთავაზეს, მხოლოდ არჩეული პრეზიდენტი, მთავარ თანაშემწეებთან კონსულტაციით, გადაწყვეტს, თუ როგორ გაუმკლავდეს სენსიტიურ და სარისკო დიპლომატიას.

სტატიაში აღნიშნულია, რომ, ტრამპის პირველი ვადის მსგავსად, სხვადასხვა ფრაქცია ეცდება, რესპუბლიკელების საგარეო პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს. ტრამპის უფრო ტრადიციულად მოაზროვნე მოკავშირეები, როგორიცაა ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელიც ახლა პენტაგონის ხელმძღვანელად განიხილება, სავარაუდოდ, კონფლიქტის ისეთი მოგვარების ინიციატივით გამოვა, რომელიც, როგორც ჩანს, მოსკოვს დიდ გამარჯვებას არ მოუტანს. სხვა მრჩევლებმა, კერძოდ, რიჩარდ გრენელმა, რომელიც სახელმწიფო მდივნის ან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად განიხილება, შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭონ ტრამპის სურვილს, დაასრულოს ომი რაც შეიძლება მალე, თუნდაც ეს ნიშნავდეს კიევის მნიშვნელოვან დათმობებზე იძულებას.

ყველა შეთავაზება განსხვავდება ბაიდენის მიდგომისგან, რომ კიევს ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს, თუ როდის უნდა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. სანაცვლოდ, ყველა მათგანი ითვალისწინებს ომის გაყინვას, რაც ნიშნავს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, დაახლოებით, 20%-ის მიტაცების გამყარებას და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დროებით შეჩერების რეკომენდაციას.

გამოცემა ტრამპთან დაახლოებულ სამ პირზე დაყრდნობით წერს, რომ მისი გარდამავალი ოფისის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი იდეა გულისხმობს კიევის დაპირებას, არ შეუერთდეს ნატო-ს, სულ მცირე, 20 წლის განმავლობაში. სანაცვლოდ, აშშ გააგრძელებს უკრაინის იარაღით მომარაგებას რუსეთის მომავალი თავდასხმის შესაკავებლად.

ამ გეგმის მიხედვით, ფრონტის ხაზი დაფიქსირდება და ორივე მხარე შეთანხმდება 800 მილის დემილიტარიზებულ ზონის შექმნაზე. გაურკვეველია, ვინ გააკონტროლებს ამ ტერიტორიას, მაგრამ ერთ-ერთმა მრჩეველმა თქვა, რომ სამშვიდობო ძალები არ დაკომპლექტდება არც ამერიკული და არც აშშ-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაციის ძალებით, როგორიცაა გაერო.

„ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ წვრთნა და სხვა მხარდაჭერა, მაგრამ თოფის ლულა ევროპული იქნება. ჩვენ არ გავგზავნით ამერიკელ მამაკაცებსა და ქალებს უკრაინაში მშვიდობის დასაცავად და ჩვენ არ გადავიხდით ამისთვის, ეს პოლონელებმა, გერმანელებმა, ბრიტანელებმა და ფრანგებმა გააკეთონ“, – თქვა ტრამპის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა.