„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - ისრაელი „ჰამასს“ ერთკვირიან ვადას აძლევს, რომ მძევლების გათავისუფლებას დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაფაჰში სამხედრო ოპერაციას დაიწყებს
„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - ისრაელი „ჰამასს“ ერთკვირიან ვადას აძლევს, რომ მძევლების გათავისუფლებას დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაფაჰში სამხედრო ოპერაციას დაიწყებს

ისრაელი „ჰამასს“ ერთკვირიან ვადას აძლევს, რომ დათანხმდეს მძევლების გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რაფაჰში სამხედრო ოპერაციას დაიწყებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ავრცელებს.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ეგვიპტელი მაღალჩინოსნების ცნობით, „ჰამასს“ გადაწყვეტილების მიღებისთვის ვადა მომდევნო პარასკევამდე აქვს.

როგორც „უოლ სტრიტ ჯორნალი“ იუწყება, სავარაუდოდ, ამ საკითხს მხარეები უახლოეს დღეებში კაიროში განიხილავენ.

ანონიმური წყარო ასევე აცხადებს, რომ „ჰამასის“ ლიდერები ეწინააღმდეგებიან ისრაელის ამ შეთავაზებას, რადგან რამდენიმე დეტალი მათთვის ბუნდოვანია. წყაროს ცნობითვე, „ჰამასს“ სურს გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა, რადგან, როგორც ირკვევა, „ჰამასი“ შიშობს, რომ ისრაელი მის შეთავაზებებს მოკლე დროში დაარღვევს და გააგრძელებს ბრძოლას. ამასთან, „ჰამასი“ აშშ-ის მხრიდან ითხოვს გარანტიებს, რომელსაც ისრაელის მხარე სცემს პატივს.

ასევე, ამერიკული გამოცემა წერს, რომ ისრაელის მხრიდან წარდგენილი შეთავაზების პირველი ფაზა ითვალისწინებს ცეცხლის 40-დღიან შეწყვეტას, სანაცვლოდ კი 33 ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას; მეორე ფაზა ცეცხლის ექვსკვირიან შეწყვეტას ითვალისწინებს და მხარეები უფრო მეტი მძევლის გათავისუფლებაზე უნდა შეთანხმდნენ. იმ პერიოდში კი უნდა განიხილონ ცეცხლის უფრო გრძელვადიანი შეწყვეტა, რომელიც თითქმის ერთ წლამდე უნდა გაგრძელდეს.

გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელი და „ჰამასი“ ვერ თანხმდებიან ჩრდილოეთ ღაზაში პალესტინელების დაბრუნების საკითხზე, თუმცა აშშ-ის წარმომადგენელმა გამოცემასთან განაცხადა, რომ ისრაელის მხარე დათანხმდა მათ მიერ გაწმენდილ რაიონებში ღაზის მოსახლეობის დაბრუნებას. რაც შეეხება ისრაელელი მძევლების პალესტინელ პატიმრებში გაცვლას, გამოცემის ცნობით, ამ საკითხზე ორივე მხარის შეხედულება ერთმანეთს ემთხვევა.