„უოლ სთრით ჯორნალი“ - გერმანელი გამომძიებლების ვარაუდით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ დივერსიის მოწყობისას ოპერაციულ ბაზად პოლონეთი გამოიყენეს, მყარდება ეჭვი, რომ დივერსია უკრაინელებმა მოაწყვეს
„უოლ სთრით ჯორნალი“ - გერმანელი გამომძიებლების ვარაუდით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ დივერსიის მოწყობისას ოპერაციულ ბაზად პოლონეთი გამოიყენეს, მყარდება ეჭვი, რომ დივერსია უკრაინელებმა მოაწყვეს

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, გერმანელი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ დივერსიის მოწყობისას ოპერაციულ ბაზად პოლონეთი გამოიყენეს.

საქმე ეხება შარშან, სექტემბერში გაზსადენზე მომხდარ დაზიანებას.

გამოცემა წერს, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა სრულად დაადგინეს 15-მეტრიანი იახტის, „ ანდრომედას“ მარშრუტი, რომელიც, სავარაუდოდ, გამოიყენეს რუსულ გაზსადენზე დივერსიის მოსაწყობად.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ანდრომედას“ სანავაიგაციო აღჭურვილობის, თანამგზავრის, მობილური ტელეფონების, ელექტრონული ფოსტის მონაცემებისა და იახტის ბორტზე აღმოჩენილი დეენემის ანალიზების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხომალდი იმყოფებოდა ყველა იმ წერტილში, სადაც მილსადენზე აფეთქებები მოხდა, ხოლო მანამდე – პოლონეთის ტერიტორიულ წყლებში.

ახლა გამომძიებლები ცდილობენ, დაადგინონ, რატომ დაჯავშნეს აღნიშნული იახტა ვარშავაში ბაზირებული ტურისტული სააგენტოს მეშვეობით. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს კომპანია უკრაინული ყალბი ფირმების ქსელში შედიოდა, რომელთაც კავშირი აქვთ უკრაინის დაზვერვასთან.

გამოცემა წერს, რომ ახალი ინფორმაცია ამყარებს ეჭვს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე დივერსია უკრაინელებმა მოაწყვეს. ასევე, გამომძიებლები სწავლობენ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, თავდასხმის მოსაწყობად გამოყენებული იყო პოლონეთის ტერიტორია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც, ბაიდენის ადმინისტრაცამ რუსულ გაზსადენზე აფეთქებამდე სამი თვით ადრე შეიტყო ევროპელი მოკავშირეებისგან, რომ უკრაინელი მყვინთავი სპეცრაზმელების მცირე ჯგუფი, რომელიც უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის დაქვემდებარებაში იყო, დივერსიას ამზადებდა.

აღნიშნულ პუბლიკაციში მოყვანიალი ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო.